ახალი ამბები
"ძვირფასო ზესტაფონელებო" - არჩილ თალაკვაძის მიმართვა ჭიათურელებს
FaceBook
„ძვირფასო ზესტაფონელებო..." - ასე დაიწყო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჭიათურელებისადმი მიმართვა, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარგენისას. 

თალაკვაძემ შეცდომა მალევე გამოასწორა და განაცხადა, რომ ჭიათურიდან ზესტაფონში მიდიოდნენ.

მერის პოსტზე გივი მოდებაძის კანდიდატურა ჭიათურელებს თალაკვაძესთან ერთად, პარლამენტის წევრმა გივი ჭიჭინაძემ და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინეს.

,,ძვირფასო ზესტაფონელებო... ჭიათურელებო. აქედან ზესტაფონში მივდივართ. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ საქმეები, რაც აქ არის დაწყებული, ეს არის საბაგირო სისტემის მთლიანი მოდერნიზაცია, ეს არის ეკოლოგიური სიტუაცია, რომელიც დღეს კიდევ რჩება გამოწვევად, ეს არის შრომითი პირობები მაღაროელებისთვის, ეს არის სოციალური პრობლემები, რომელიც დღეს აქვს ჭიათურას, რომელიც აქ აქვს საზოგადოებას, ქალაქს თუ სოფლებს. ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ საკითხების გადასაჭრელად, ამ პროექტების ბოლომდე მისაყვანად, ყველაზე საუკეთესო კანდიდატურა და ადამიანი, ვინც ამას შეძლებს თქვენი მხარდაჭერით, იქნება ბატონი გივი მოდებაძე," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მოდებაძის თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს განათლება და სკოლამდელი აღზრდა. გამომდინარე აქედან, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე ათეულ სკოლას და საბავშვო ბაღს, ასევე, აშენდება 3 საჯარო სკოლა და ორი საბავშვო ბაღი.

საქართველოში პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.
Print