ახალი ამბები
ტყიბულში მეშახტეები შახტს ტოვებენ
FaceBook
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში დასაქმებული ათეულობით მუშა სამუშაოს ტოვებს. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს მეშახტეებმა განუცხადეს.

"ძალიან ბევრი წავიდა და კიდევ აპირებენ წასვლას. მე მესმის მათი, რადგან აქ მოპოვებითი სამუშაოები უკვე ცხრა თვეა გაჩერებულია, ხელფას კი გვიხდიან, მაგრამ მუშაობა არ არის. ასევე, არის იმის რისკი, რომ შეიძლება ეს ხელფასები ერთ დღესაც აღარ მოგვცენ, ამიტომაც სადაც პერსპექტივა გაუჩნდა ხალხს, იქ წავიდა", – ამბობს ერთ-ერთი მეშახტე, ხვიჩა გაბუნია. 

სამსახურიდან მეშახტების წასვლას ადასტურებენ საქნახშირი "ჯი-აი-ჯის" ადმინისტრაციაში. თუმცა, კონკრეტულად ვერ აზუსტებენ, თუ რამდენმა მუშამ თქვა უარი შახტში მუშაობაზე.

"საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა რამდენიმე ათეული მუშა. თუ რატომ წავიდნენ, ეს მათ უნდა კითხოთ, ჩვენ ამის არც ვალდებულება და არც უფლება გვაქვს", – განმარტავენ კომპანიაში.

შახტში საწარმოო პროცესი გასული წლის ივლისის აფეთქების შემდეგ შეწყდა,  რა დროსაც ადგილზე ოთხი მეშახტე დაიღუპა.  კომპანია "საქნახშირი", რომელიც ტყიბულის შახტებში ოპერირებს, ბაზრიდან შესაძლო გასვლაზეც ალაპარაკდა. კომპანიას 2018 წლის 16 ივლისს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები აღარ უწარმოებია. თუმცა მეშახტეები ხელფასს კვალ იღებენ, რაც საშუალოდ 800–1000 ლარს შეადგენს. 

"საქნახშირში" განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებას შახტის გახსნასთან დაკავშირებით დასკვნის დადების შემდეგ მიიღებენ, რომელზეც სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, გერმანელი ექსპერტები მუშაობენ.

Print