ახალი ამბები
აუქციონზე გატანილი საპირფარეშოებიდან მხოლოდ ერთი გაიყიდა
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ აუქციონზე გატანილი ოთხი საპირფარეშოდან მხოლოდ ერთი, წითელი ხიდის მიმდებარედ არსებული ტუალეტი გაიყიდა. საპირფარეშო მერიამ  ხუთწლიანი იჯარით, თვეში 1784 ლარად გაასხვისა.

ცენტრალურ ბულვარში,  ჯავახიშვილისა და ავტომშენებლის ქუჩებზე არსებულ ტუალეტებს კი მოიჯარე არ გამოუჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ  საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა ქუთაისში,  ჯერჯერობით,  კვლავ მოუგვარებელი რჩება.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ დარჩენილ სამ საპირფარეშოზე აუქციონი მეორედ გამოცხადდება, თუმცა, მანამდე მათი მოწესრიგება და გახსნა იგეგმება. 

ქალაქში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაწილი პერიოდულად ფუნქციონირებს. მათ შორის, ცეტრალურ ბულვარსა და ავტომშენებლის ქუჩაზე, თუმცა, უმეტესწილად ისინიც დაკეტილია. ჯავახიშვილის ქუჩასა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ტუალეტებს  კი არასდროს უმუშავია.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ საპირფარეშოების აუქციონზე გატანის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ, გოგი წულაიამ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში არსებულ დაკეტილ ტუალეტთან პერფორმანსი მოაწყო და ქუთაისის მერიას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით წულაიამ მერიის წინ ღამის ქოთნებიც მიიტანა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში წლების განმავლობაში თავს იმით იმართლებდნენ, რომ შენობები, რომლებიც 2012 წელს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ააშენა, სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და საპირფარეშოები ქალაქს მხოლოდ  2015 წელს გადაეცა. ამის მიუხედავად, მერიამ ოთხი წლის   განმავლობაში პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.




Print