ახალი ამბები
"ადამიანების მოტყუებით მობილიზებულ ფულს მთავრობა მოიხმარს" - ოპოზიცია საპენსიო რეფორმაზე
FaceBook
"გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია" ქართულ ოცნებას ბიუჯეტის შევსების მიზნით საკუთარი მოქალაქეების მოტყუებაში ადანაშაულებს.

საუბარია საპენსიო რეფორმაზე, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა შუშანიას თქმით, დაგროვებითი პენსია რეალურად არის თაღლითური სქემა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება, დაახლოებით 200 ათასი
მოქალაქისა და მათი დამსაქმებელი კომპანიების მოტყუების გზით მილიონობით ლარის მობილიზებას გეგმავს.

"მთავრობამ შეპირების მიუხედავად, სავალდებულო საპენსიო სქემაში მაინც ჩართო 40 წელს გადაცილებული დასაქმებულები, იმ პირობით რომ 3 თვის გასვლის შემდეგ მათ ექნებოდათ საპენსიო სქემის დატოვების საშუალება და გადარიცხული თანხა სრულად დაუბრუნდებოდათ უკან. მე თავად მივწერე საპენსიო ფონდს და პასუხი მივიღე, რომ ჩემ მიერ დაგროვებული თანხა დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ანუ ცალკე მოქალაქეებისთვის, ხოლო ცალკე კომპანიებისთვის დასაბრუნებელი თანხა დაიბეგრება 20%-ით. ასე რომ, ადამიანების მოტყუებით მობილიზებულ ფულს მთავრობა მოიხმარს", - ამბობს გიგა შუშანია.

მისივე განმარტებით, საპენსიო სქემაში მონაწილეობს 40 წელს გადაცილებული 200 ათასამდე დასაქმებული. ამ მანიპულაციით დასაქმებულებისა და კომპანიების გადახდილი თანხებიდან ბიუჯეტში რამდენიმე მილიონი ლარი მოხვდება, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან ერთად "ქართული ოცნების" ჩინოსნები საკუთარი კეთილდღობისთვის გამოიყენებენ.
Print