ახალი ამბები
სიკვდილის გზა დედაქალაქისკენ -25 წლის ჭიათურელი ბიჭის შეწყვეტილი სიცოცხლე
FaceBook
თითქმის ყველას, რეგიონებიდან დედაქალაქში წასულებს და მშენებლობებზე  ტრაგიკულად დაღუპულებს,  მსგავსი ისტორიები აქვთ.
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები უპერსპექტივო ქალაქებსა და სოფლებს ტოვებენ და დედაქალაქში უკეთესის იმედით მიემგზავრებიან.

25 წლის დათოც ჭიათურიდან უპერსპექტივობას გაექცა და ძმასთან ერთად ოჯახის მარჩენალის როლი იკისრა.

ახლა ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპისთვის ემზადებოდა. 7 სექტემბერს, მის დაბადების დღეზე ცოლი უნდა მოეყვანა.

"მამამისს ეუბნებოდა, ცოტა ხანი ფული აღარ მთხოვოთ, შემოდგომაზე ცოლი უნდა მოვიყვანოო" -იხსენებენ დათოს მეგობრები.

დედაქალაქში მორიგ ობიექტზე სამუშაოდ დათო ერთი თვის წინ, ძმასთან ერთად  წავიდა. ოჯახი შვილს აღდგომის დღესასწაულზე ელოდებოდა.

დათო სახლში 1 აპრილს მიასვენეს...

31 მარტს 25 წლის დავით აბესაძე, თბილისში, ერთ-ერთი კლინიკის საძირკვლის გამაგრების სამუშაოებზე დაიღუპა.

დათო საკუთარი ძმის თვალწინ, უზარმაზარი მიწის მასამ ერთ წამში დაფარა. მასთან ერთად დაიღუპა 40 წლის მამაკაციც.

ამ დროს დათო 8 მეტრი სიღრმის ჭას თხრიდა. მისი ძმა შემთხვევით გადარჩა. მიწის ჩამოშლის დროს იგი ზემოთ იმყოფებოდა.

დათოს ოჯახში ფიქრობენ, რომ ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.

"რა თქმა უნდა, არ იყო უსაფრთხოება დაცული. აბა რა ჩააქცევდა იმ მიწას? გამაგრებული არ უნდა ყოფილიყო, რომ არ ჩამოშლილიყო ამხელა მასა? დათო, ძირითადად, ასეთ სამუშაოებზე მუშაობდა. ამბობდა, პროფესიონალი ვარო. მაინც არ უნდოდა დედამისს რომ წასულიყო და ეუბნებოდა აღარ წავალ დედაო. ორი თვე იჯდა სახლში. არაფერი არ გამოუჩნდა სამუშაო და რა ექნა, ადგა ისევ და წავიდა",-ამბობს გარდაცვლილის ბიცოლა, ნესტან წითელაძე.

გარდაცვლილის მესამე ძმა, გოგა აბესაძე იხსენებს  შემთხვევას, როცა დათო სამუშაოების დროს დაშავდა, მაგრამ ამის მიუხედავად, იძულებული იყო კვლავ დედაქალაქში წასულიყო.

"10 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა რამდენიმე თვის წინ და ძლივს გადავარჩინეთ. აღარ უნდა წასულიყო, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა?! ახალგაზრდა ბიჭი იყო. სიგარეტის, საჭმლის ფული ხომ სჭირდებოდა?! თან ცოლის მოყვანას აპირებდა. აქ არავითარი პერსპექტივა არ არის. 3-4 წელია შეტანილი გვაქვს 500 ლარიანი სამსახურისთვის ჩვენი მონაცემები მაღაროში და ვერც ერთმა ვერ დავიწყეთ მუშაობა",-ამბობს გოგა აბესაძე.

დათოსა და მისი ძმების მსგავსად, მუშაობის დაწყებას ვერ ახერხებენ სხვა ახალგაზრდებიც, რომლებიც ჭიათურას  ყოველდღიურად  ტოვებენ. ფერად კორპუსებში მცხოვრები ბიჭების  ცხოვრება სულაც არ არის ფერადი, პირიქით, ზოგჯერ დათოს მსგავსად, ტრაგიკულია.







დათოსთან ერთად მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა თბილისის გზას გაუყენა მამამისიც. წლების წინ ადგილობრივ საწარმოში მუშაობდა, თუმცა, შემდეგ შემცირებაში მოყვა და უმუშევარი რომ არ ყოფილიყო,  შვილებთან ერთად  თბილისში სამშენებლო სამუშაოებზე საქმდებოდა. 

აბესაძეების ხუთსულიან ოჯახში სტაბილური სამსახური მხოლოდ დედას აქვს. მაია აბესაძე რამდენიმე წელია ჭიათურაში საბაგიროზე  მემანქანედ მუშაობს, თუმცა, შემოსავალი იმდენად მწირია, რომ ოჯახის გამოსაკვებად საკმარისი არ არის.

აბესაძეების მსგავსად გადარჩენის გზას დედაქალაქში ეძებენ სხვა ჭიათურლებიც. ამბობენ, რომ ქალაქში ძველი საწარმოები გაძარცვული და უფუნქციოა. ერთადერთი რაც მუშაობს,  მაღაროა, თუმცა, იქაც მუშაობის დაწყება  ბარიერებთან არის  დაკავშირებული.

"ახლობელი თუ არ გყავს, იქ ვერ მოხვდები. ყველგან ნაცნობი უნდა გყავდეს, სხვანაირად მუშაობას ვერ დაიწყებ. სხვა პერსპექტივა არ არსებობს. ამიტომ მიდიან ასე ახალგაზრდა ბიჭები თბილისში და მერე მიცვალებულებს უბრუნებენ ოჯახებს",- ამბობს ჭიათურაში მცხოვრები, გოჩა ჩხეიძე.

დათო აბესაძე ჭიათურის ცენტრიდან ორ კილომეტრში, საფარის უბანში, ცხრასართულიან კორპუსში ცხოვრობდა. აქ ადგილობრივებს არც მიწები და არც მეურნეობა აქვთ, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ ყოფას.

ადგილობრივების ერთადერთ იმედად კვლავ დედაქალაქის გზა რჩება, რომლის დასასრული ზოგჯერ  სიკვდილია.

Print