ახალი ამბები
ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქუთაისში მოქალაქეები შეიკრიბნენ
FaceBook
ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ პირველი პრეზიდენტი გაიხსენეს და ქვეყნის წინაშე მისი ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ისაუბრეს. გამსახურდიას მომხრეები ბაღში გარდაცვლილი პტეზიდენტის ფოტოებით და მაშინელი სახელმწიფო დროშით მივიდნენ.

31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო, რომელსაც პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.
მთავრობის გადაწყვეტილებით კი, საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოუშვა.

რაც შეეხება ხიბულას, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ქალაქ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში არსებულ მემორიალურ სახლს, რომელშიც ზვიად გამსახურდიამ თავისი სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, ფონდი "ქართუს" დაფინანსებით ჩაუტარდება რეაბილიტაცია და მასში მოეწყობა მუზეუმი.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.


Print