ახალი ამბები
ხონის ფსიქიატრიულის პაციენტი, რომელიც საავადმყოფოში დაზიანებებით მოათავსეს, გარდაიცვალა
FaceBook
ხონის  ფსიქიატრიულის პაციენტი, რომელიც  საავადმყოფოში დაზიანებებით მოათავსეს,  გარდაიცვალა. ხონის ფსიქიატრიული თავშესაფრიდან 60 წლის ქალბატონი ავტოქარხნის საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით  17 მარტს გადაიყვანეს.

პაციენტის და,  ნინო ბიგვავა ამბობს, რომ მისთვის უცნობია თუ რა მოხდა ფსიქიატრიულში. ის საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

ნინო ბიგვავამ დის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გუშინ გაიგო, მანამდე კი ფსიქიატრიულის ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ ქეთინო ბიგვავა დაეცა და მცირე დაზიანება მიიღო.

მისი თქმით, პაციენტს დაზიანებები და სილურჯე თვალის, ყელის , ყურის, ხელის და ფეხის მიდამოებში აღენიშნება. ბიგვავა დარწმუნებულია, რომ მისი და სასტიკად ნაცემია.

ხონის ფქიქიატრიულ საავადმყოფოში კატეგორიულად უარყოფენ, როგორც მედპერსონალის,  ასევე, პაციენტების მხრიდან რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცხყოფას.

"პაციენტს აღენიშნებოდა ეპილეფსია და არსებული დაზიანებები მორიგი შეტევის დროს მიიღო, რაც ოჯახს დროულად ეცნობა", –  ამბობს ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი, მარიამ გიორგაძე.

ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, პაციენტი კატასტროფის სამსახურმა მძიმე მდგომარეობაში სხეულზე სხვადასხვა დაზიანებით შეიყვანა. თუმცა,  რისგან არის მიღებული დაზიანებები, ექიმი ვერ აკონკრეტებს. მისივე ინფორმაციით, 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულია.

შსს - ში განმარტავენ, რომ გამოძიება 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
Print