ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ალეკო ახალაძე, რომელიც ამავე დროს კობა ნარჩემაშვილის ბიუროს უფროსია, ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებაზე ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს. საუბარია საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გიგა  შუშანიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც შუშანიამ  თქვა, რომ ალეკო ახალაძე  მმართველ გუნდს "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში აღებული  150 000 დოლარიანი კრედიტის სანაცვლოდ უჭერს მხარს. 

ალეკო ახალაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს  დღეს ბრიფინგით უპასუხა და ჟურნალისტებს გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა. 

საუბარში ახალაძემ არ უარყო, რომ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოსგან" კრედიტი ნამდვილად აიღო, თუმცა, თანხა 2 წლის წინ გადაიხადა.

"მოგიწოდებთ, დაინტერესდეთ ამ საკითხით და ჩაატაროთ ჟურნალისტური გამოძიება, მართლა მაქვს თუ არა კრედიტი. თუ ეს ასე  იქნება, მე მოვიხდი ბოდიშს და წავალ საკრებულოდან", - განაცხადა მან.

დეპუტატმა  დღესვე  უმრავლესობაში ყოფნასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდიდან კობა ნარჩემაშვილის წასვლის მიუხედავად, იგი ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობაში რჩება. 

ალეკო ახალაძის ბიზნესსაქმიანობაზე კვლევითი მასალა ქუთაისიპოსტმა გასული წლის აპრილში მოამზადა.

მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, დეპუტატმა   2014 წელს "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ფერადი ქვიშის მწარმოებელი კომპანია  შპს "დეკორა" დააფუძნა. 
ქუთაისის საკრებულოში შესვლის შემდეგ კი  კომპანიის დირექტორობა მის ძმას, გია ახალაძეს გადააბარა. 

2017  წელს ალეკო ახალაძემ,   ორახელაშვილის ქუჩაზე, კომპანიის მიმდებარედ არსებული  ტროტუარი 25 წლიანი იჯარით აიღო.  ქუთაისის მერიამ შპს "დეკორას" 100 კვ. ტროტუარი აუქციონის გარეშე, პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა. 

ამავე თემაზე:

აუქციონის გარეშე გაიჯარებული ტროტუარი და დეპუტატის „ფერადი ქვიშა“












Print