ახალი ამბები
"დაგვპირდა, რომ პარკირების პრობლემას მოგვიგვარებს" – სოც.მუშაკები ქუთაისის მერს შეხვდნენ
FaceBook
სოციალური მომსახურების საგენტოს იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები ქუთაისის მერს შეხვდნენ.
მათი თქმით, გიორგი ჭიღვარია უფასო პარკირების ადგილების გამოყოფას დაჰპირდა, თუმცა, ეს მათ პირად ავტომანქანებს ეხება და არა სააგენტოს, რომელსაც ავტოპარკი ფაქტობრივად არ ჰყავს. მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ამის მიუხედავად, ეს მათ პრობლემებს ნაწილობრივ მოაგვარებს.

ქუთაისში, სოციალური მომსახურების სააგენტოს  თანამშრომლები სამი დღეა გაფიცულები არიან.  ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვენ. 

აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების,  სახლხო დამცველის წარმომადგენლები და ბენეფიციარებიც შეუერთდნენ. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე 7 სოციალური მუშაკი მოდის. სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაა სოციალური მუშაკის დატვირთვა თვეში 11-დან 15 საქმით. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში თითო სოციალურ მუშაკზე თვეში, საშუალოდ, 120-მდე საქმე მოდის.

გაფიცვას წინ უძღოდა თითქმის თვენახევრიანი მედიაციის პროცესი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

ქუთაისის გარდა სოციალური მუშაკები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაიფიცნენ.
Print