ახალი ამბები
ქუთაისის მერია „კარფურს“ 13 000 კვ.მ მწვანე ზოლს გადასცემს
FaceBook
ქუთაისის მერია შპს "ვესტპოინტს", რომელიც შარტავას ქუჩაზე ჰიპერმარკეტ "კარფურს" აშენებს, ტროტუარის ნაწილს იჯარის ფორმით გადასცემს. საუბარია,  13 000 კვ.მ მწვანე ზოლზე, რომელიც ჰიპერმარკეტის სამშენებლო ტერიტორიას ირაკლი აბაშიძის გამზირიდან ესაზღვრება.

კარფურს ტროტუარი აბაშიძის ქუჩიდან შესასვლელისთვის სჭირდება, რისთვისაც მწვანე ზოლი უნდა გაიჭრას.

მერიაში ამბობენ, რომ სანაცვლოდ კომპანია სკვერის კეთილმოწყობის პირობას დებს.

"რადგან სავაჭრო ცენტრია, უნდა ჰქონდეს მრავალმხრივი შესასვლელ-გასავლელი. მოგვმართეს თხოვნით, რომ მიგვეცა ნებართვა, რომელიმე ადგილზე შეჭრა გაკეთდეს, რომ მოქალაქეები შევიდნენ ავტომანქანით. სანაცვლოდ, მივიღეთ პირობა, რომ მოაწყობს სკვერს. დამატებით პრიობად ჩავდეთ სკვერის ინტერნეტით უზრუნველყოფაც. როგორც ვიცი, პროექტი შეთანხმებული აქვთ და თვითონაც მონდომებულები არიან, რომ მალე დაასრულონ მშენებლობა", - განმარტავს  ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი.

შპს "ვესტპოინტი" მწვანე ზოლით სარგებლობის სანაცლოდ ადგილობრივ ბიუჯეტში წლიურად 12 000 ლარს გადაიხდის.

შარტავას ქუჩაზე ყოფილი ავიამშენის ქარხნის ტერიტორიაზე  სავაჭრო ცენტრ "კარფურის" მშენებლობა გასულ წელს დაანონსდა. 

ადგილზე ახლა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

Print