ახალი ამბები
უნებართვო მშენებლობა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის დათმობილი სპორტული მოედანი
FaceBook
"ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი", ბეტონის ქარხანას, რომელიც უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესს უნდა მოემსახუროს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებს.
როგორც ირკვევა, კომპანიამ ადგილზე ქარხნის მშენებლობა ისე დაიწყო, რომ  ტერიტორიაზე არც სარგებლობის და არც საკუთრების უფლება არ ჰქონდა. საუბარია 8090 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ამ დრომდე სპორტული მოედნის სტატუსი აქვს.



ააიპ "საუნივერსიტეტო კომპლექსი" და ქუთაისის მერია შეცდომის გასწორებას ახლა პოსტფაქტუმ ცდილობენ, თუმცა, მერია უნივერსიტეტის დაჯარიმებას არ აპირებს. პირიქით, სპორტული მოედნისთვის სტატუსის მოსახსნელად და  უნივერსიტეტისთვის მის გადასაცემად დოკუმენტაციას ამზადებს.

ქუთაისის მერიაში "საუნივერსიტეტო კომპელექსის" მიმართ დამთმობ პოზიციას მისი მშენებლობისთვის ხელშეწყობით ხსნიან.

მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი ამბობს, რომ კომპანიამ არ იცოდა, თუ სხვის ტერიტორიაზე აწარმოებდა მშენებლობას.

"იქ მშენებლებს ჰქონდათ განსაზღვრული ტერიტორია, რომლის დაკორექტირება მოხდა, თუმცა, ჩვენს ტერიტორიაზე გადაფარვა არ იყო დაფიქისრებული. ამ აღმოჩენის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს ტერიტორია ჩვენი იყო. რადგან არ იცოდა კომპანიამ, რომ არსებული ტერიტორია მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა, აღარ მოვახდინეთ დაჯარიმება, რადგან ხელი შეგვეწყო უნივერსიტეტის მშენებლობისთვის", - ამბობს გიორგი გიორგობიანი.

"ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპელექსის" მშენებლობას ფონდი "ქართუ" აფინანსებს.  უცნობია, იცოდნენ თუ არა  ფონდში,  რომ უნივერსიტეტისთვის  ქარხნის მშენებლობა მუნიციპალურ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

"ქართუს" პროგრამების ხელმძღვანელი, ვახტანგ ცაგარელი ქუთაისიპოსტთან საუბარში  არ უარყოფს, რომ ააიპ "საუნივერსიტეტო  კომპლექსს" სპორტული მოედანი უნდა გადასცენ, თუმცა,  უნებართვო მშენებლობაზე საუბარი არ სურს.

"სამშენებლო აქტივობები იყო ალბათ, რომელთა ფორმალიზება და წესრიგში მოყვანა მოხდა. მეტს ვერაფერს გეტყვით",-განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა.

"ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპელექსისთვის" სპორტული მოედნის გადაცემის საკითხს ქუთაისის საკრებულო 27 მარტის  სხდომაზე განიხილავს.

ოთხი თვის წინ, უნივერსიტეტს 49 წლიანი იჯარით 10-ზე მეტი შენობა-ნაგებობა ქონების მართვის  სააგენტომ გადასცა.

ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2019 წელს იყო დაგეგმილი,  თუმცა, მოგვიანებით ვადამ 2020 წლამდე გადაიწია. სამაგიეროდ, სასწავლებელს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში დაუნიშნეს.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, 60 000 სტუდენტზე  გათვლილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის საპარლამენტო  არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე,  ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. 

ამავე თემაზე:

ნულოვანი სართული გამოჩნდა – რა ხდება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე (ვიდეო)
Print