ახალი ამბები
ბაღდათში, საკრებულოს ყოფილ შენობაში კულტურის სახლი განთავსდება
FaceBook

ბაღდათის სოფელ როხში,  ე.წ. სასოფლო საკრებულოს ყოფილ შენობაში კულტურის სახლი განთავსდება.


2005 წლიდან როხში კულტურის სახლი აღარ ფუნქციონირებს. შენობა ამორტიზებული და დაკეტილია.

შესაბამისად, სოფელს ათეულ წელზე მეტია კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე არ აქვს.

როხის მაჟორიტარი დეპუტატის, თორნიკე გაჩეჩილაძის თქმით, შენობა იმდენად დაზიანებულია, რომ მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია.

„ყოფილი კულტურის სახლის რეაბილიტაციას ფიზიკურად ვერ მოვახდენთ,  რადგან თითქმის დანგრეულია. თან შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  სასოფლო საკრებულოს ყოფილ შენობაში მოვაწყოთ კულტურის სახლი",-ამბობს თორნიკე გაჩეჩილაძე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დაიგეგმა, რისთვისაც 20 000 ლარი დაიხარჯება, თუმცა, სოფლის გამგებლის თქმით, ეს თანხა საკმარისი არ არის და სამუშაოებისთვის დამატებით 10 000 ლარს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოყოფს.

სასოფლო საკრებულოები, სადაც სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მუშაობდნენ, 2006 წლიდან აღარ არსებობს.




Print