ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ თეთრ ხიდზე სტიკერების გაკვრის გამო, ჯარიმა მეორედ გამოწერა
FaceBook
ქუთაისის მერიამ მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთ წევრთან, გია გოქაძესთან დაწყებული სასამართლო დავა წააგო, დაჯარიმების ოქმი მეორედ გამოწერა.
მერია, ამჯერად, თეთრ ხიდზე სტიკერების გაკვრის გამო ჯარიმის დაკისრებას არა გია გოქაძეზე, არამედ, უშუალოდ არასამთავრობო ორგანიზაციაზე ითხოვს.

საქმეზე სასამართლო პროცესი 26 მარტს არის ჩანიშნული.

ფაქტს არასამთავრობო ორგანიზიაცია ეხმაურება. "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლის, გია გოქაძის შეფასებით, მერია გამოხატვის თავისუფლებას ახალი სტრატეგიით ებრძვის.
"თეთრი ხიდის სტიკერების საქმის წაგების შემდეგ, ქუთაისის მერია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას ახალი სტრატეგიით შეუდგა. ისევ დაგვიბარეს სასამართლოში. ამჯერად, კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხზე. მერიის ახალი სტრატეგიით სამართალდამრღვევი იურიდიული პირია",-წერს გია გოქაძე სოციალურ ქსელში.

მიმდინარე წლის 25 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერიის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომლითაც მერია გია გოქაძის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა, გააბათილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასამათავრობო ორგანიზაციის წევრს კანონი არ დაურღვევია.

"ევროპა ჩვენი სახლიას" წევრებმა თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი სტიკერები წარწერით "სახიფათოა" მას შემდეგ გააკრეს, რაც ხიდზე მინის საფარი დაზიანდა, მერიას კი უსაფრთხოების ზომები არ მიუღია და ხიდის დაზიანებული ნაწილი არ შემოუსაზღვრია.






Print