ახალი ამბები
ქუთაისში თავისუფლების ქუჩაზე მცხოვრებლები გზის მოწყობას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, თავისუფლების ქუჩის მეოთხე შესახვევში მცხოვრებლები მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ.
ადგილობრივების თქმით, წლებია მათ ქუჩაზე არსებული ორმოულები გადაადგილებას აფერხებს. მძიმე ვითარება, განსაკუთრებით, წვიმიან ამინდში დგება. მათივე თქმით, პრობლემის მოგვარების თხოვნით მერიას წერილობით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობა გზის მოწყობას ითხოვს.

"იმხელა გუბეები დგას, კიდეებსა და ღობეებთან ახლოს გვიწევს სიარული, რომ სახლამდე მივიდეთ. ქუჩაზე არც საწრეტია, რომ წყალი გვერდით წავიდეს. 17-მდე ოჯახი იძულებულები ვართ, გუბეებში ვიაროთ,"- ამბობს ლაშა სულაბერიძე.

"ცენტრალური ქუჩაა და როდემდე უნდა ვიყოთ ასე? ყოველ არჩევნებზე მოდიან და გვიპრდებიან, მაგრამ მერე გვივიწყებენ. მოვითხოვთ, მერიამ პრობლემა დაუყოვნებლივ მოაგვაროს", - აცხადებენ ადგილობრივები. 

მათი თქმით, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება აქციას მერიასთან გამართავენ. მოსახლეობის პროტესტს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია შეუერთდა. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ისინი აქციების გაგრძელებას კვლავ გეგმავენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული გზის პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება და რომ გზის რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის ან მომდევნო წლის გაზაფხულისთვის დაიწყება.
Print