ახალი ამბები
ქუთაისში სოციალური მუშაკები გაიფიცნენ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისისა და იმერეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მუშაკები გაიფიცნენ.

"ვითხოვთ ჩვენი შრომის შესაბამის ანაზღაურებას. დღეს ჩვენ ჩვენი ხელფასით გვიწევს ტრანსპორტირება და ჩვენი ხელფასის სარგო, რაც 640 ლარს შეადგენს, ნახევარი გადაადგილებაში იხარჯება და ჩვენ ჩვენ ოჯახებთან, ფაქტობრივად, ანაზღაურების გარეშე ვრჩებით", - ამბობს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკი, ლანა მოწონელიძე.

სოციალურ მუშაკებს სოლიდარობა გამოუცხადა არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და პროფკავშირების გაერთიანებამ. მათ შორის იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაცია. საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის, ზაალ გორგიძის თქმით, გაფიცულთა მოთხოვნები აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს სახელმწიფომ და შტატების გადიდებაც უნდა მოახდინოს.



"ეს არის აუტანელი შრომის პირობები. არის მუნიციპალიტეტები იმერეთში, სადაც მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი მუშაობს და სრულიად შეუძლებელია იმ ვალდებულებების შესრულება რაც მას აკისრია. ვალდებულებების შეუსრულებლობა კი გადის მოქალაქეები ს უფლებაზე და ამიტომ ბენეფიციარები ვერ ღებულობენ იმ სერვისს, რაც ამ უწყებასთანაა დაკავშირებული. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ ბავშვზე", - ამბოს ზაალ გორგიძე.

სახელმწფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე 7 სოციალური მუშაკი მოდის. სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაა სოციალური მუშაკის დატვირთვა თვეში 11-დან 15 საქმით. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში თითო სოციალურ მუშაკზე თვეში საშუალოდ, 120-მდე საქმე მოდის.

გაფიცვას წინ უძღოდა თითქმის თვენახევრიანი მედიაციის პროცესი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

ქუთაისის გარდა სოციალური მუშაკები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიფიცნენ.

Print