ახალი ამბები
ბაღდათელმა მოსწავლეებმა ნიკო კეცხოველის პრემია მოიპოვეს
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის, როკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია მოიპოვეს.

მე-11 კლასელი მარიამ ბრეგაძე და ნანა ლაბაძე ერთ-ერთი იყვნენ, რომლებიც ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა–მოგვარებაში ჩაერთვნენ, ქულები დააგროვეს და პრიზები მოიგეს. გამარჯვებამდე მათ მდგრადი განვითარების მიზნებზე თავიანთ სკოლაში სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს.

"იმდენად მოულოდნელი იყო ეს გამარჯვება, ახლაც შოკირებულები ვართ. ძალიან გვიხარია, რომ პირველი ადგილი ჩვენ გვერგო. დავგეგმეთ ლაშქრობები, ექსკურსიები, ექსპედიციები, ინოვაციების ცენტრში ჩავატარეთ დიდი მასშტაბური შეხვედრა, საჯარო გამოსვლები გვქონდა, სემინარები, ტრენინგები ჩავატარეთ სხვადასხვა თემაზე, რათა გარემოს საკითხებზე ინფორმაცია გაგვევრცელებინა. მოვაწყვეთ დასუფთავების აქციები ასე შემდეგ", - ამბობს მარიამ ბრეგაძე.

რა გადაეცემა პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულებს, ჯერჯერობით უცნობია. მარიამ ბრეგაძის თქმით, ამის შესახებ მოგვიანებით აცნობებენ. იციან ის, რომ სამინისტროს მხრიდან დაგეგმილია სხვადასხვა ლაშქრობა და აქტივობა. ნანა ლაბაძე კი, ერთი დღით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს დაიკავებს.

ფინალი 2017 წლის 21 მარტს, ტყეების დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისში გაიმართა.

მეორე ადგილზე სენაკის სკოლა გავიდა, მესამეზე - თბილისის ერთერთი კერძო სკოლა.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წლიდან ტარდება CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.
Print