ახალი ამბები
"გთხოვთ, მოგვაცილეთ ნაგავი" - მოსახლეობა ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ნაგავსაყრელის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. 

აქციის მონაწილეები თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ავტომანქანებით ჩამოვიდნენ და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

"არა ნაგავსაყრელს, თერჯოლა ნაგავსაყრელის გარეშე "- ამ შეძახილებით თერჯოლის მცხოვრებლები მათი სოფლების ახლოს ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, ნაგავსაყრელი დააბინძურებს ჰაერს და წყაროებს, რაც საფრთხეს შეუქმნის მათ სიცოცხლეს.






მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა და პროტესტის მიუხედავად, ახალი ნაგავსაყრელი მაინც აშენდება. ახალ ნაგვასაყრელზე დაგემილია პოლიგონის, ავტომობილის ხიდური სასწორის და სადეზინფექციო აპარატების მოწყობა. სადაც, ნარჩენების კომპაქტირება და დაპრესვა მოხდება.  ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000 მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს. პროექტს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანია", გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ახორციელებს. 

რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭოგნარში მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი შუხოშვილის თქმით 36 ჰა მიწის ფართობზე, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება.

"გასული წლების 60-იანი წლებიდან ფუნქციონირებს სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და ნიკეას უბანში არსებული ნაგავსაყრელები, მათ ამოწურეს თავიანთი ლიმიტი და ესენი აუცილებლად უნდა დაიხუროს. სამაგიეროდ, ვაშენებთ რეგიონულ ნაგავსაყრელს, სადაც ყველა ევროსტანდარტი იქნება დაცული", - ამბობს გიორგი შუხოშვილი.

Print