ახალი ამბები
„არა ნაგავსაყრელს“ – ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
FaceBook
სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლები, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ნაგვსაყრელის მშენებლობას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები 20 მარტს, ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბებიან და ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, ეს შეკრება  უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე აქამდე ყოფილა.

"აქამდე მხოლოდ ჭოგნარის მოსახლეობა გამოვდიოდით. ახლა დაგვიკავშირდნენ კვახჭირიდან, გოდოგანიდან და გვითხრეს გავერთიანდეთო.  იქნება უფრო დიდი აქცია, ვიდრე აქამდე. მარტიდან უნდა დაეწყოთ სამუშაოები, მაგრამ ჩვენი პროტესტის გამო ჯერჯერობით არ ჩანან. არ მივცემთ სამუშაოების დაწყების საშუალებას ", – ამბობს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, ბერდია ცხადაბერიძე.

ჭოგნარის მცხოვრებლები ნაგავსაყრელის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს პერმამენტულად მართავენ. მათი თქმით, ნაგავსაყრელი დააბინძურებს ჰაერს და სოფლის წყაროებს. 

თერჯოლის სოფელ ჭოგნარში 36 ჰა მიწის ფართობზე რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.
"მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში" ირწმუნებიან, რომ ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება და ის მოსახლეობას ზიანს არ მიაყენებს.

ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც იმერეთთან ერთად, რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს მოემსახურება, 2020 წელს უნდა დასრულდეს.

სოფელ ჭოგნარში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში არსებული ნაგავსაყრელი დაიხურა.

Print