ახალი ამბები
სამეზობლო დავა ავტოფარეხის ადგილისთვის
FaceBook
ქუთაისში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე ორი ოჯახი სამი წელია ავტოფარეხის ადგილის გამო იბრძვის.
გიორგაძეების ოჯახი, მეზობელს, რომელთანაც ერთი ღობე ჰყოფს, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ედავება. ლიანა გიორგაძე აცხადებს, რომ საერთო ეზოში ბაკურაძეებმა თვითნებურად ააშენეს ღობე და არასწორად გაყვეს საზღვარი, რითიც ავტოფარეხის აშენების შესაძლებლობა წაართვეს.

გიორგაძეები ღობის დანგრევასა და მიწის ნაკვეთის ხელახალ აზომვას ითხოვენ.

ბაკურაძეების ოჯახში კი ამტკიცებენ, რომ მეზობელთან საზღვარი გასულ საუკუნეში გაიმიჯნა, რასაც ორივე ეზოში აშენებული სახლების მდებარეობა ადასტურებს.

მეზობლებს შორის კონფლიქტი რამდენჯერმე ისე გამწვავდა, რომ ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს.

დაპირისპირებული მეზობლების მთავარ პრობლემას  წარმოადგენს ის, რომ მიწის ნაკვეთის გაყოფა წლების წინ, მათ მშობლებს შორის სიტყვიერი შეთანხმებით მოხდა, ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები კი არ არსებობს.

ოჯახებს შორის დავამ სასამართლოში უკვე გადაინაცვლა.

"თვალითაც ადვილი შესამჩნევია, რომ არათანაბრადაა გაყოფილი მიწა. სამი თანამესაკუთრე იყო ადრე და შეგნებულად ჩაწერეს ოჯახის სხვა წევრები, რომ გაყოფის პროცესი გართულდეს. რვა თანამესაკუთრე ჰყავს უკვე ამ მიწის ნაკვეთს, რომელიც სულ რაღაც 626 კვ.მ–ია. ჩემი მამამთილი შეეწირა ამ ამბავს, ისე ინერვიულა.  ორმოციც არ გასულა ჯერ. მოვითხოვთ, მოხსნან თვითნებურად აშენებული ღობე ბაკურაძეებმა და ხელახლა აიზომოს მიწა", – ამბობს ლიანა გიორგაძე.

ცისანა ბაკურაძე ამბობს, რომ თანახმა იყო გიორგაძეებისთვის 50 სმ. მიწა დაეთმო, თუმცა, მათ ამაზე უარი განაცხადეს.

"მე ჯერ დაბადებულიც არ ვიყავი, ეს მიწა რომ შუაზე გაიყო და ზუსტად საზღვარში ჩადგეს სახლი. ახლაც ასეა ეს სახლები. ამის მიუხედავად, ჩვენ თანახმა ვიყავით მიგვეცა 50 სმ. მიწა, მაგრამ უარზე არიან. მოდიან და გვინგრევენ ღობეს, შეურაცხყოფას გვაყენებენ. ახლა სასამართლოშია საქმე და ვნახოთ რა იქნება", – ამბობს ცისანა ბაკურაძე.





მოდავე მეზობლების მიწის ნაკვეთი უკვე აზომეს სამხარაულის ექსპერტებმა, თუმცა, გიორგაძეების ოჯახი ექსპერტიზას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ სამხარაულის ბიუროს უფროსი, გიორგი თვაური ბაკურაძეების ახლო ნათესავია და შესაბამისად, მათი თქმით, დასკვნა არაობიექტური იქნება.

თვაურთან ნათესაურ კავშირს უარყოფენ ბაკურაძეები და აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთის აზომვა სასამართლომ მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ორ მეზობელს შორის სამოქალაქო დავაზე პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. როგორც მოდავე მხარის ადვოკატები ამბობენ, შესაბამისი დოკუმენტები უნდა მომზადდეს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სამართლებრივი პროცესის დაწყება.

მანამდე, მხარეები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელმაც თანასაკუთრებაში არსებული მიწის საერთო ფართობი უნდა დაადგინოს, ასევე,  ისიც, მოცემულ მომენტში, რომელი ოჯახი რამდენი კვ.მ მიწით სარგებლობს.

Print