ახალი ამბები
ქუთაისში ხილ-ბოსტნეულზე ფასები გაორმაგებულია
FaceBook

ქუთაისის ბაზარში ადგილობრივ ხილ-ბოსტნეულზე ფასები გაიზარდა.

როგორც ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში მყოფი მოვაჭრეები ამბობენ, ხილბოსტნეულზე ფასები გასულ წელთან შედარებით გაორმაგებულია.
ქუთაისის ბაზარში ერთი კილოგრამი ადგილობრივი პომიდორის ფასი 2 დან 2,50 მერყეობს.
გასულ წელს, პომიდორის ღირებულება 0, 80 თეთრიდან 1 ლარამდე შეადგენდა.
ერთი კილოგრამი კარტოფილის 1.50 ლარი ღირს, ბადრიჯანი - 1, 5 ლარი, ბულგარული - წიწაკა 3 ლარი, ხოლო ატამისა და ვაშლატამას ფასი 1,50 – 2,00 ლარამდე მერყეობს.
ხილ-ბოსტნეულზე ფასების ზრდას ადგილობრივები ლარის კურსის არასტაბილურობას უკავშირებენ, ხოლო მოვაჭრეები მაღალ ტემპერატურას.
"გვალვისგან ბოსტნეული გვიფუჭდება და პროდუქტის მცირე ნაწილის გადარჩენას ვახერხებთ," - ამბობს ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში მოვაჭრე გულნარა ქაჯაია.
ადგილობრივების თქმით, მოსახლეობისთვის უკვე ხილბოსტნეულის ყიდვაც მიუწვდომელი გახდა.
"ადრე გვიხაროდა ზაფხულის მოსვლა, უამრავი ბოსტნეულია და იოლად შეიძლება თავის გატანა, თუმცა დღეს ბოსტნეულიც ძვირი გახდა,"- ამბობს ქუთაისში მცხოვრები თინიკო ძნელაძე.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე ადგილობრივი ხილ-ბოსტნეულის ფასის ზრდას გაზრდილ ექსპორტს უკავშირებს:
"ფასის დადგენას ყოველწლიურად თავისი მიზეზები აქვს. ზოგჯერ ნაკლები მოსავალია. წელს ექსპორტია ძალიან დიდი. ჩვენი პროდუქცია მეზობელ ქვეყნებში გადის. შესაძლოა, ფასების მომატების მიზეზი ესეც იყოს. თუმცა, ეს საგანგაშო არ არის. ფერმერისთვის მომგებიანია, როცა მას საექსპორტო ბაზრები აქვს. ადგილობრივ მომხმარებელს კი შეუძლია დაბალი ხარისხის პროდუქცია შედარებით იაფად შეიძინოს, ანუ მას აქვს ლავირების საშუალება."

ანა ჯანაშია 

 

Print