ახალი ამბები
"ვიფიქრეთ, თუ სად შეიძლებოდა ეს ადამიანები გადასულიყვნენ" – გუბერნატორი სოციალური საცხოვრისის მობინადრეებზე
FaceBook
იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე სოციალურ საცხოვრისში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, შენობაში სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული, რის გამოც სოციალურად დაუცველებს შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

"არაერთხელ ვიყავი პირადად ადგილზე და შემოვიარე ის ოთახები სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ. სიმართლე გითხრათ, აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ. საკმაოდ ბევრი და სერიოზული პრობლემა არსებობს იქ. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი სამსახურები გაარკვევენ თუ რატომ მივიდა ეს საცხოვრისი ამ მდგომარეობამდე. თუ ვისი ბრალეულობაა, ამაზეც პასუხს შესაბამისი სამსახურები გასცემენ. ჩვენ ვიფიქრეთ, თუ სად შეიძლებოდა სამომავლოდ ეს ადამიანები გადასულიყვნენ მაგრამ ეს ყველაფერი უკავშირდება ფინანსურ ხარჯებს. იქ ძალიან ბევრი ოჯახის ცხოვრობს და აქედან, გამომდინარე ასე სწრაფად ამის გადაწყვეტა შეუძლებულია. მაგრამ ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, რომ მოსახლეობას არ მოუწიოს რისკის და შიშის ქვეშ ცხოვრება", – განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში.

იმერეთის გუბერნატორთან ვრცელ ინტერვიუს ქუთაისიპოსტი 13 მარტს შემოგთავაზებთ. 

ქუთაისში სოციალური საცხოვრისი 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. მაშინ ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ, რომ შენობის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სინამდვილეში ქუთაისის მერიამ კომპანია "სანოს" ჯამში 4 372 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. აქედან 528 000 ლარი მერიას ამ დრომდე აუნაზღაურებელი აქვს.

მიმდინარე წლის 3 მარტს კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სოციალურ საცხოვრისზე დასკვნა გამოაქვეყნა, სადავ წერია, რომ შენობაში სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და იკვეთება მერიასა და კომპანიას შორის შესაძლო გარიგების ნიშნები.




Print