ახალი ამბები
ქართული რესტორანი ამერიკაში, რომელსაც New York Times-მა სტატია მიუძღვნა
FaceBook
პოპულარული და გავლენიანი გამოცემა New York Times ამერიკაში მდებარე ქართულ რესტორან "ფიროსმანზე" სტატიას აქვეყნებს. 

ჟურნალისტი მერიენ ბულლი მასალას ხინკლის მირთმევის წესიდან იწყებს. ხინკალთან ერთად აღწერილია იმერული და აჭარული ხაჭაპურის, ბადრიჯნის ფხალის, გუდის ყველის, შქმერულისა და ჩანახის მომზადების წესები.



სტატიაში, ქართულ კერძებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია რესტორნის ინტერიერზე. "ფიროსმანში" ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატების რეპლიკებია კედელზე მოხატული.

"ფიროსმანი" ნიუ-იორკში პირველი და დღეს უძველესი ქართული რესტორანია, რომელიც ბრუკლინში 2001 წელს გაიხსნა. 2017 წელს ის ამერიკაში მოღვაწე ჟურნალისტმა და ჟურნალ "მამულის" რედაქტორმა - მანუჩარ კაჭახიძემ შეიძინა. 

"ნიუ-იორკ თაიმსის" ჟურნალისტი წერს, რომ რესტორნის მფლობელის მოტივაცია ბიზნესის შეძენის დროს სწორედ კედლებზე არსებული ფრესკების შენარჩუნება იყო, რომელსაც ახალი სიცოცხლე შესძინა. "დღეს თუ ვინმეს აინტერესებს როგორი იყო მე-17 საუკუნის დღესასწაულები ან ტყეში პიკნიკები, მათ არ მოუწევთ მუზეუმებსა და გალერეებში წასვლა, ისინი უბრალოდ უნდა მოვიდნენ რესტორანში," - ნათქვამია წერილში. 





გამოცემა წერს, რომ საქეიფოდ, განსაკუთრებით, შაბათ-კვირას  "ფიროსმანში" თავს იყრიან ქართული ოჯახები. 

მასალის ორიგინალში ნახვისათვის და ფოტოების დასათვალიერებლად, გადადით ბმულზე

მასალა მომზადებულია "ნიუ-იორკ თაიმსის" მიხედვით.
Print