ახალი ამბები
ქუთაისში საბავშვო ბაღის ეზოში უნიკალური ნაძვები იჭრება
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 25-ე საბავშვო ბაღის ეზოში, ნაძვების გაჩეხვას, მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, საბავშვო ბაღის ეზოში უნიკალური ნაძვის ხეები საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის იჩეხება, რაც გაუმართლებელია.
"გასული საუკუნიდან არსებობს ეს ხეები ბაღის ეზოში და მათი მოჭრა დაუშვებელია, მით უმეტეს კორპუსის მშენებლობის გამო. ბავშვებს სათამაშო ეზოს და ჰაერს არ უტოვებენ," - აცხადებენ ადგილობრივები.
როგორც გაირკვა, 25-ე საბავშვო ბაღის ეზოში ხეების მოჭრას ქუთაისის მერიის დაქვემდებარებული შპს "ქუთსერვისჯგუფი" აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენელი ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებს, რომ ხეები მერიის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე იჭრება.
"საბავშო ბაღის დამხმარე შენობა-ნაგებობის ასაშენებლად უნდა მოიჭრას 3 ძირი ხე, აქედან 2 წიწვოვანი და ერთიც თუთა," - ამბობს შპს "ქუთსერვისჯგუფის" წარმომადგენელი, გელა მოსეშვილი.
დამხმარე შენობა-ნაგებობის მშენებლობას ადასტურებს 25-ე ფილიალის ხელმძღვანელი, თეა ერგემლიძე. მისი ინფორმაციით, ახალი შენობა 200 კვ.მ-ის იქნება, რაც ბაღში ოთახების და ბავშვების რაოდენობის მომატების შესაძლებლობას შექმნის. თუმცა, ბაღის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნაძვები არ მოიჭრება.
"არ მოიჭრება ნაძვიო მე ასე მითხრეს. მიბრძანდით მერიაში და იქ გაარკვიეთ," - ამბობს თეა ერგემლიძე.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ მიშენებები ქალაქის მასშტაბით 14 ბაღში მიმდინარეობს, რაზესაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 816 000 ლარია გამოყოფილი. სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე ამბობს, რომ 25-ე ბაღში ახალი შენობის ასაშენებლად სტანდარტების შესაბამისი შენობის პროექტი უკვე დამტკიცებულია, რომლის კორექტირება არ მოხდება.
"შენობის ძველი და ახალი ნაწილი ერთმანეთს დერეფნით უნდა დაუკავშირდეს, რის გამოც ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად დაგვევიწროვებინა დერეფანი, თუმცა ორი ნაძვის მოჭრა მაინც მოხდება. სანაცვლოდ, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ნაძვების დარგვა აუცილებლად მოხდება," - განაცხადა მალხაზ ბასილაძემ.
ამ დროისათვის 25-ე საბავშვო ბაღში 361 აღსაზრდელი ირიცხება. ბაღის დამხმარე შენობის მშენებლობა ხეების მოჭრისთანავე დაიწყება და მომავალი წლის 20 იანვრისთვის დასრულდება. მშენებლობას კომპანია "არქიკულტურა" განახორციელებს.
დეა მანაგაძე

Print