ახალი ამბები
ქუთაისში ჩატარებული დასაქმების ფორუმის შედეგად 84 ადამიანი დასაქმდა
FaceBook
"ქუთაისი, ვანი და ზესტაფონი - სწორედ ამ მუნიციპალიტეტებში მოხდა ადამიანების დასაქმება."


ქუთაისში, მიმდინარე წლის 10 ივნისს ჩატრებული დასაქმების ფორუმის შედეგად ამდროისთვის 84 ადამიანია დასაქმებული. ქუთაისი, ვანი და ზესტაფონი - სწორედ ამ მუნიციპალიტეტებში მოხდა ადამიანების დასაქმება. ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს" დასაქმების დეპარტამენტის წარმომადგენელმა თეა სტურუამ განუმარტა.
დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებით, ფორუმს კარგი შედეგი ქონდა, რადგან მისი ჩატარებიდან რამდენიმე კვირაში მოხდა დამსაქმებელსა და დასაქმების მსურველს შორის ხელშეკრულების გაფორმება.
"გაოცებულები ვართ, რდგან ფორუმი არ არის მყისიერი დასაქმების საშუალება და ამის მიუხედავად, ორ კვირაში ასეთი კარგი შედეგი გვაქვს. 6 თვის განმავლობაში გრძელდება მონიტორინგი და დასაქმების მსურველ ადამიანებთან დაკავშირება", - განმარტავს სტურუა.
თუ რომელ ორგანიზაციებში მოხდა ადამიანების დასაქმება, დასაქმების დეპარტამენტში ამას არ ამბობენ, რადგან მათივე თქმით, ეს თავად ორგანიზაციების გადასწყვეტია. თუმცა, აღნიშნავენ, რომ დასაქმება საბანკო სექტორში, დამამუშავებელ მრეწველობასა და მომსახურების სფეროში მოხდა.
დასაქმების ფორუმი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, სადაც 70 ორგანიზაცია და 6 პროფესიული სასწავლებელი მონაწილეობდა. ფორუმზე მისულ დასაქმების მსურველებს განსხვავავებული მოლოდინები ჰქონდათ. თავის მხრივ გარკვეული მოთხოვნები ჰქონდათ პოტენციურ დამსაქმებლებსაც. დასაქმების ფორუმზე 1 300-მდე დასაქმების მსურველი მონაწილეობდა. 

თეკლე მორგოშია




Print