ახალი ამბები
"კულტურის პალატისთვის" შენობის გადაცემის საკითხს ქუთაისის საკრებულო დღეს განიხილავს
FaceBook
მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის დაგეგმილ კონცერტამდე ერთი დღით ადრე  გადაწყდება გადაეცემა თუ არა "საქართველოს კულტურის პალატას" ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში არსებული ყოფილი ქარხნის შენობა. საკითხს განსახილვევად მერია რიგგარეშე სხდომაზე დღეს  გამოიტანს.

"კულტურის პალატისთვის" 2000 კვ.მ შენობისა და 6000 კვ.მ მიწის ნაკვეთის უსასყიდოდ გადაცემას აპროტესტებს ოპოზიცია. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია ამბობს, რომ თუ კულტურის პალატის თავმჯდომარეს, დავით ოქიტაშვილს ქუთაისში კონცერტის გამართვა სურს, მან ამისთვის შენობის ჯარის თანხა უნდა გადაიხადოს, როგორც ეს სხვა მსგავსი ღონისძიებების შემთხვევებში ხდება.

"მაშინ, როდესაც  უამრავი ვარსკვლავი ყოფილა ამ ქალაქში ჩამოსული, რომლებსაც კონცერტები ჩაუტარებიათ  და ისინი იხდიდნენ შენობების იჯარის თანხას, რამდენად მიზანშეწონილია ამ შენობის დავით ოქიტაშვილისთვის უსასყიდლოდ გადაცემა?! აქ არის ბევრი კითხვის ნიშანი. ჩვენი ინფორმაციით, ამ ობიექტის გადაცემა თბილისის დავალებით მოხდა", - ამბობს გიგა შუშანია.

დეპუტატებმა "კულტურის პალატისთვის" ავანგარდის ყოფილი ქარხნის შენობის გადაცემის საკითხი 6 მარტს ქონებისა და იურიდიულ საკითხთა კომისიების სხდომებზე განიხილეს და მერიას თანხმობა მისცეს.

კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა მათი გადაწყვეტილება ქალაქში კულტურული ცხოვრების გააქტიურებით ახსნეს.

ავანგარდის დასახლებაში, ყოფილი ქარხნის ტერიტორია კულტურის პალატამ კონცერტის ჩასატარებლად პირველად გასულ წელს გამოიყენა.

კულტურის პალატის ორგანიზებით, 2018 წლის 20 ოქტომბერს ქარხანაში ბელგიური დუეტის "კონობას" კონცერტი ჩატარდა, ტერიტორია კი  "ქუთაისი არენად" გამოცხადდა.

8 მარტს  კი ქარხანაში მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტია დაგეგმილი.

ამავე თემაზე:

ქუთაისში ყოფილი ქარხნის შენობა კულტურის პალატას უსასყიდლოდ გადაეცემა


Print