ახალი ამბები
ქუთაისში ყოფილი ქარხნის შენობა კულტურის პალატას უსასყიდლოდ გადაეცემა
FaceBook
ქუთაისის მერია სულხან–საბას ქუჩაზე, ყოფილი ქარხნის შენობას "საქართველოს კულტურის პალატას" უსასყიდლოდ გადასცემს.
შენობით, რომლის ფართიც 6000 კვ.მ–ია კულტურის პალატა ორი წლის განმავლობაში ისარგებლებს.

ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემას უკვე დაეთანხმა  იურიდიულ საკითხთა კომისია.

როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვლასი გარდაფხაძე ამბობს, შენობით მისი მდებარეობის გამო ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა, თუმცა, როგორც ირკვევა მერიას შენობა აუქციონზე გასაყიდად არც ერთხელ არ გაუტანია.

"შეფასებაც არ არის ამ შენობის გაკეთებული როგორც ვიცი და არც აუქციონზე ყოფილა გატანილი. სასაფლაოსთან რომ არის ახლოს, ყველა იკავებს თავს ამის გამო. კულტურის პალატა ამ შენობას სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ორგანიზებისთვის გამოიყენებს და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იქნება ამ უბნის გაცოცხლებისთვის", – ამბობს ვლასი გარდაფხაძე.

მისივე თქმით, ორი წლის შემდეგ თუ შენობას ინვესტორი გამოუჩნდება, კულტურის პალატა ვალდებულია შენობა გაათავისუფლოს.

ავანგარდის დასახლებაში, ყოფილი ქარხნის ტერიტორია კულტურის პალატამ კონცერტის ჩასატარებლად პირველად გასულ წელს გამოიყენა.

2018 წლის 20 ოქტომბერს ქარხანაში ბელგიური დუეტის "კონობას" კონცერტი ჩატარდა. 8 მარტს კი ქარხანაში მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტია დაგეგმილი.

Print