ახალი ამბები
ტყიბულის მერის მოადგილის ოჯახისთვის გადასახური მასალის გადაცემის ფაქტს, ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს
FaceBook
ტყიბულის მერის მოადგილის, გიორგი ლომთაძის ოჯახისთვის, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის განკუთვნილი მასალის ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან გაცემის ფაქტს, ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს.
უწყებას ტყიბულის მერიამ უკვე გადასცა შესაბამისი დოკუმენტები.

"მოგვწერეს წერილი, პირდაპირ ეს მასალები მოგვთხოვეს და ჩვენც გადავუგზავნეთ",– ამბობს ტყიბულის მერი, თემურ ჩუბინიძე.
ფაქტს ადასტურებენ ანტიკორუფციულ სააგენტოში.

გიორგი ლომთაძის ოჯახისთვის მასალის გადაცემის ფაქტზე კითხვები აქვს თავად ქალაქის მერსაც. თემურ ჩუბინიძე ამბობს, რომ მისი მოადგილის სახლი სტიქიამ ნამდვილად დააზიანა, თუმცა, შესაძლოა, მუნიციპალიტეტიდან გაცემული მასალის რაოდენობა, არ შეესაბამებოდა დაზიანების ხარისხს.

"სტიქიამ დააზიანა როგორც რიგითი ადამიანების, ასევე, საჯარო მოხელეების სახლებიც. სახლი ნამდვილად არის დაზიანებული, მაგრამ კითხვები არის იმაზე, რამდენად შეესაბამებოდა გადაცემული მასალის რაოდენობა დაზიანების ხარისხს", – ამბობს თემურ ჩუბინიძე.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ ლომთაძეებს სინამდვილეში მასალა არ ესაჭიროებოდათ და მერის მოადგილემ მისი თანადებობით ისარგებლა.

გიორგი ლომთაძის ოჯახს საწირეში მდებარე სახლი ამ დრომდე არ გადაუხურავს. გიორგი ლომთაძის მამა, თენგიზ ლომთაძე ამბობს, რომ ამის მიზეზი არამდგრადი ამინდები გახდა.

ტყიბულის მერიამ გიორგი ლომთაძის ოჯახს 30 ნოემბრის სტიქიის შემდეგ 4000 ლარის ღირებულების თუნუქისა და ხის მასალა გადასცა.

Print