ახალი ამბები
მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება
FaceBook
მომავალი სასწავლო წლიდან მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განმარტა.
როგორც გორგოძემ აღნიშნა, გამოცდა მოსწავლის ცოდნას შეაფასებს და მის კლასში ჩატოვებაზე ორიენტირებული არ იქნება.

"გამოცდები რომ გავაუქმეთ და თვალი დავხუჭეთ, ამას დააკომპენსირებს ის, რომ შეფასებებს ჩვენ სკოლის დონეზე ჩამოვიტანთ ანუ გავაკეთებთ შეფასებას მე-6 და მე-10 კლასის ბოლოს. ისე არ იქნება, რომ ხელი ავიღეთ შეფასებებზე. ვეცდებით ისე გავაკეთოთ ეს შეფასებები, რომ რაღაცაში სარგებელი მოგვიტანოს. საფეხურის ბოლოს შეფასება საშუალებას მისცემს ბავშვს, მასწავლებელს, მშობელს დაინახოს, სად არის პრობლემა და როგორ შეიძლება ეს გამოსწორდეს. ვფიქრობთ, პირველ ეტაპზე არ უნდა იყოს მაღალი რისკის გამოცდა და მოსწავლეები ამის გამო არ უნდა ჩავჭრათ", - განაცხადა გორგოძემ.

მისივე თქმით, მე-6 და მე-10 კლასებში ჩატარებული გამოცდა მოსწავლეებს რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჩაჭრის.

"თავიდან დიაგნოსტიკური უნდა იყოს ეს გამოცდა. ვნახოთ, როგორ იმუშავებს. უკვე ვმუშაობთ, რომ მე-10 და მე-6 კლასებში გავაკეთოთ შეფასება, რომელსაც ცენტრალიზებულად ჩვენი ცენტრი ჩაატარებს. მომავალი სასწავლო წლიდან მოხდება პილოტირება. წელს უკვე ვმუშაობთ, რომ პილოტირების ინსტრუმენტები შევქმნათ. წლის ბოლომდე თუ მოხერხდება, გავაკეთებთ პილოტს, თუ არადა, მომავალი წლისთვის გადავიტანთ ისე, რომ შემდეგ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავატარებთ ასეთ გამოცდას. ახლა, მე-10 კლასის ბოლოს ეს გამოცდა ვერ ჩატარდება, ამისთვის მზად არ ვართ", - განაცხადა გორგოძემ.

www.interpressnews.ge

Print