ახალი ამბები
„ქუთაისს ცალკე უნდა ჰქონდეს კულტურის სამსახური“ – საკრებულოს ოპოზიცია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია კულტურის სამსახურის დამოუკიდებლად ფუნქციონირებას ითხოვს.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, აუცილებელია ქალაქში კულტურის სფეროში კონკრეტული პოლიტიკა იქმნებოდეს, რასაც ის ააიპი, რომელშიც ეს სამსახურია გაერთიანებული, ვერ აკეთებს.

"მაშინ, როცა პრეტენზია გვაქვს,  რომ ქუთაისი არის კულტურის დედაქალქი, ქალაქში უნდა იქმნებოდეს პოლიტიკა კულტურის მიმართულებით. ამის გაკეთება კი  ააპის, სადაც კულტურის სამსახურთან ერთად რამდენიმე ფუნქციაა გაერთიანებული, არ შეუძლია. ამიტომ, მერიაში ცალკე უნდა იყოს კულტურის სამსახური", –განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის მერიამ კულტურის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში მიიღო. მაშინ ამ სამსახურში სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებები ერთიანდებოდა.

ცვლილების შედეგად კულტურისა და სპორტის განყოფილებები ააიპ კულტურულ და სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას შეუერთდა. ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის განყოფილებები კი მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს დაექვემდებარა.

ქუთაისის მერიაში ბოლო  ერთ წელიწადში  რეორგანიზაცია მეორედ 2018 წლის 4 დეკემბერს  გამოცხადდა. სამთვიანი პროცესის შედეგები აღმასრულებელმა საკრებულოს უკვე წარუდგინა. ცვლილების მიხედვით, მერიაში არქიტექტურის სამსახური გაუქმდა და ცალკე ააიპად ჩამოყალიბდა. აუდიტის განყოფილება კი გაფართოვდა და სამსახურად გადაკეთდა.  რეორგანიზაციის შედეგად მერიაში სამსახურების რაოდენობა არ შეცვლილა. სამაგიეროდ,   9 ერთეულით გაიზარდა შტატების რაოდენობა. 

ქუთაისის მერიაში ახლა 307 შტატია.  



Print