ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში არქიტექტურის სამსახური გაუქმდა
FaceBook
ქუთაისის მერიაში არქიტექტურის სამსახური გაუქმდა, რომელიც ცალკე აიპად ჩამოყალიბდება.

რეორგანიზაციის გეგმა აღმასრულებელმა საკრებულოს სხდომაზე გაიტანა. ცვლილების მიხედვით,  ახალ  სამსახურს ეყოლება საკუთარი ადმინისტრაცია და ექნება  ბიუჯეტი.

ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით,  ახალ აიპში 7-დან 10 ადამიანამდე დასაქმდება.

აღმასრულებელი თვლის, რომ ეს უფრო მოქნილს გახდის მოქალაქეთა მომსახურებას.

"ჩვენ გვექნება თბილისის მოდელი. თავიდან ვფიქრობთ, რომ აიპს მიეცემა ბიუჯეტი, შემდეგ კი ალბათ, შეავსებენ თავიანთ ბიუჯეტს მომსახურების სანაცვლოდ "-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ცვლილებებს არ ეთანხმება ოპოზიცია. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის " თავმჯდომარის,  გიგა შუშანიას თქმით, ახალი აიპის შექმნა რეალურად მმართველი გუნდის პარტიული აქტივისტების დასაქმებას ემსახურება.

"ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს – დაასაქმონ პარტიული აქტივისტები და ეს აიპიც გახადონ  მათი თავშესაფარი"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

რეორგანიზაციის ფარგლებში, ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდება აუდიტის განყოფილებაც. ცვლილების შედეგად, მერიაში სამსახურების რაოდენობა არ შეიცვლება და ის  კვლავ 9 დარჩება.
Print