ახალი ამბები
ქუთაისში, საქართველოს რუკის ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გამოსახვა გააპროტესტეს
FaceBook
ქუთაისში, ახალგაზრდა გიდების ასოციაციამ საქართველოს რუკის ოკუპირებული ტერიტოერიების გარეშე გამოსახვა გააპროტესტა.
ორგანიზაციის წევრებმა ქუთაისში, თეთრ ხიდზე, აქცია-პერფორმანსი, "საქართველო აფხაზეთიდან იწყება, ცხინვალის რეგიონი საქართველოს გულია, საქართველო მხოლოდ თბილისი არაა" გამართეს.



"დღევანდელი დღე არის პროტესტი იმ ფაქტებთან მიმართებაში, რაც საქართველოში ხდებოდა. სხვადასხვა ტურისტული ორგანიზაციები, რომლებიც ოპერირებდნენ საქართველოში, საქართველოს რუკას აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე გამოსახავდნენ. დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც თბილისში, ადამიანები რომლებიც არიან საქართველოს არამოქალაქე პირები, საკუთარ ტურისტულ პროდუქტს საქართველოს დამახინჯებული რუკით არეკლამებდნენ. გვინდა შესაბამის სტრუქტურებს მივაწვდინოთ ხმა რომ იყვნენ ფხიზლად. რუკის დამახინჯების შემთხვევაში იყოს სანქციები, რათა არ მოხდეს საქართველოს რუკის ხელყოფა", - განმარტა აქციის ორგანიზატორმა ლაშა ბერეკაშვილმა. მისივე თქმით, უკვე მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მსგავს ფაქტებს დაარეგულირებს.

ღონისძიება გიდების საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით მოეწყო. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, მსგავსი ღონისძიებები პარალელურად კიდევ ორ ქალაქში - თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს.



ავტორი: ლილე ბერაძე
Print