საზოგადოება
დამზადებულია ქუთაისში - კომპანია, რომელიც ტანსაცმელს H&M-ისთვის კერავს (ვიდეო)
FaceBook
ცნობილი ევროპული ბრენდის H&M-ის პარტნიორი ქუთაისური საწარმო გახდა. 

კომპანია "ემჯიემტექსმა" "H&M" – ის მკაცრი ტექნიკური აუდიტის გავლა შეძლო და ბრენდის ოფიციალური მიმწოდებელი იქნება.  "ემჯიემტექსში" პირველ დაკვეთას თებერვლის შუა რიცხვებში ელოდებიან.

ქუთაისის საწარმოში შეკერილი "H&M"-ის პროდუქცია იარლიყით "MADE IN GEORGIA" ევროპის დიდ ქალაქებში სარეალიზაციოდ, სავარაუდოდ ზაფხულიდან გაიტანენ.




"ემჯიემტექსის"დირექტორი ელიზბარ ლომინაძე ყვება, რომ ბიზნეს იდეა "აწარმოე საქართველოს" პროგრამის დახმარებით რეალობად აქცია.

მისივე თქმით, კომპანიამ დიდი შრომით, ერთ წელიწადში შეძლო მიზნისთვის მიეღწია და ცნობილი ბრენდის H&M– ის კონტრაქტორი საწარმო გამხდარიყო.

"ემჯიემტექსი" ქუთაისში 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა. საწარმოში, თავდაპირველად 180 თანამშრომელი მუშაობდა, დღეს მათი რიცხვი 300-მდეა გაიზარდა.

კომპანიაში 2019 წლისთვის გაფართოვებას გეგმავენ. დირექტორის თქმით, საწარმოში 1000-მდე ადამიანი დასაქმდება.

"ემჯიემტექსის" HR-ის თამთა მეფარიშვილის თქმით, მათი მიზანია განვითარებასთან ერთად,  მაღალი სტანდარტი შეინარჩუნონ.

"ემჯიემტექსი"  ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმოა.  თავის მხრივ შპს „ემჯიემტექსი“   რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose”  შვილობილი კომპანიაა, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: M&S, UMBRO, Comma და სხვა.


Print