ახალი ამბები
„გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას იზრუნოს პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდაზე
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მართვაში ქალთა მონაწილეობის შესახებ ახალი დასკვნა გამოაქვეყნა.

კვლევის შედეგების თანახმად, 37 მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულში საკვანძო თანამდებობებზე ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. "ქალების უმრავლესობას არ უკავია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელი თანამდებობები - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი, თამთა კახიძე.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დასავლეთ საქართველოს საკრებულოებში 1086 მანდატიდან, ქალებმა სულ 134 მანდატი მოიპოვეს, რაც საერთო რაოდენობის 12%-ს ტოლია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს ხელისუფლებას და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, იზრუნონ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაზრდაზე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტის, თამთა კახიძის თქმით, მერად არც ერთ თვითმმართველ ერთეულში არ არის ქალი წარმოდგენილი. რაც შეეხება სარკებულოს თავმჯომარეებს, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორი ქალია წარმოდგენილი აღნიშნულ პორსტზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ კი მხოლოდ 3 ქალბატონი.
ასევე, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა სათანადო წარმომადგენლობის აუცილებლობასა და სათანადო პირობების შექმნაზე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭო, რათა ქალებს "გაუადვილდეთ ოჯახური და სამუშაო ცხოვრების აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებასთან კომბინირება".

ლანა კოკაია

Print