ახალი ამბები
„კარგი რუსეთი არ არსებობს“ - ქუთაისში რუსეთის ნაკრებთან გამართულ მატჩს აპროტესტებენ
FaceBook
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში, სარაგბო კლუბ "აია არენაზე" რუსეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩების ჩატარებას აპროტესტებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, რუსულმა კლუბმა მიმდინარე თვის დასაწყისში ქუთაისში ოთხი მატჩი გამართა და მარტში კიდევ ოთხი თამაში აქვს დაგეგმილი.





"ევროპა ჩვენი სახლია" რუსეთის სახელმწიფოსთან საომარ მდგომარებაში ყოფნის პირობებში, საქართველოში რუსული ნაკრების მასპინძლობას მიუღებლად მიიჩნევს.

"სწორედ მაშინ, როცა "აია არენაზე" რუსულ კლუბს ვეთამაშებოდით, მამა დავითი გაიტაცეს საოკუპაციო ხაზიდან. დღეს ხურვალეთში ხდება საგუშაგო კოშკის აგება. ამ ფონზე კი ჩვენ ვმასპინძლობთ რუსულ კლუბს ქუთაისში. მტერ სახელმწიფოსთან ამხანაგური მატჩების ჩატარება არის მიუღებელი. ეს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. პირიქით, ხელს შეუწყობას იმ აზრის დამკვიდრებას, რომ თითქოს არსებობს კარგი და ცუდი რუსეთი. არავითარი კარგი რუსეთი არ იქნება, ვიდრე ჩვენ ვართ საომარ მდგომარეობაში ამ ქვეყანასთან და ტანკის ლულა აქვს მოშვერილი ჩვენზე",-ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი, გია გოქაძე.

მისი თქმით, რუსეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩების გამართვა ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ თავად სახელმწიფო ცდილობს ე.წ, რბილი ძალის პოლიტიკის გატარებას.

"ევროპა ჩვენი სახლია" რეაგირებისკენ მოუწოდებს ქუთაისის მერიას. განსაკუთრებით, პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს იმერეთის გუბერნატორის, შავლეგო ტაბატაძისგან, როგორც გენერლისგან და აგვისტოს ომის მონაწილისგან. .

საქართველოს რაგბის ფედერაციას კი მოუწოდებს მარტში დაგეგმილი მატჩები გააუქმოს.

Print