ახალი ამბები
მერიამ განყოფილების უფროსი, რომელსაც უფლებამოსილება შეუჩერა, ახალ სამსახურში გადაიყვანა
FaceBook
ქუთაისის მერიის აუდიტის განყოფილების უფროსი გოჩა ავალიანი, რომელსაც ერთი თვე უფლებამოსილება ჰქონდა შეჩერებული,  30 იანვარს სამსახურში  აღადგინეს.  
თუმცა 1 თებერვალს პოზიცია შეუცვალეს. აუდიტის განყოფილების უფროსის ნაცვლად, ის მუშაობას ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე აგრძელებს.

გოჩა ავალიანი ამბობს, რომ არგუმენეტები, რის საფუძველზეც მოხდა მის მიმართ დისციპლინარული საქმის წარმოება, არ დადასტურდა. "თუმცა, ახლა სხვა პოზიციაზე ვარ", - აბობს გოჩა ავალიანი.

აუდიტის განყოფილების უფროსის პოზიცია ვაკანტურია, ხოლო დროებით მოვალეობას აღნიშნული განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომელი ნათია გურული ასრულებს.

ჰქონდა თუ არა ავალიანის მხრიდან სამსახურებრივ დარღვევას ადგილი ან რატომ მოხდა მისი სხვა პოზიციაზე გადაყვანა, მერიაში პასუხად მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.

"მათ შორის მოხდა აუდიტის განყოფილების ყოფილი უფროსის თანამდებობრივი ცვლილებაც", - განმარტავენ მერიაში. 

გოჩა ავალიანმა მერიის  კომისიისგან დისციპლინარული გაფრთხილება გასული წლის 25 დეკემბერს მიიღო, სადაც ეწერა, რომ ის დეკემბრის დასაწყისში, სტიქიის დროს, სამსახურში არ გამოცხადდა. ავალიანი მაშინ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობდა, რომ დისციპლინური წარმოება გამოგონილი მიზეზებით დაიწყეს, რის გამოც სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავდა.

ავალიანის განმარტებით, ის სტიქიის დროს სამსახურში ორი დღე იმ მიზეზით არ გამოცხდდა, რომ ძლიერმა ქარმა მისი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, რომლმის შეკეთებითაც იყო დაკავებული.

"ამის შესახებ მერიაში ჰქონდათ ინფორმაცია. პირიქით, მიუხედავად იმისა რომ სტიქიამ ჩემი სახლიც დააზიანა მერია არ შევაწუხე და ჩემი სახსრებით ვაკეთებდი. აქ არის სხვა ამბავი, რომლის გახმოვანებისგან ამ ეტპაზე თავს შევიკავებ, რადგან მე მაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა. თუმცა, მოვა დრო და ყველა ყველაფერს გაიგებს, რაც ხდება ქუთაისის მერიაში", – განმარტავდა გოჩა ავალიანი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში, თუმცა დღეს ამ საკითხებზე აღარ საუბრობს. 

საკადრო გადანაცვლებას და მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციას ოპოზიცია შიდა პარტიულ  დაპირისპირებად აფასებს. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ქუთაისში გიგა შუშანია ამბობს, რომ საკადრო პოლიტიკა  მერიაში იმის მიხედვით "დალაგდება", თუ ვინ როგორ იმუშავა არჩევნებზე.




ამავე თემაზე:


ქუთაისის მერიის აუდიტის განყოფილების უფროსს უფლებამოსილება შეუჩერეს

მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი უფლებამოსილების შეჩერებაზე სარჩელს სასამართლოში შეიტანს

Print