ახალი ამბები
ქუთაისში ღია კაფეების მოწყობის ნებართვა გაიცა
FaceBook
ქუთაისის ტერიტორიაზე საზკვების ობიექტებს მათ წინ მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის უფლება ენიჭებათ.
კერძოდ, ობიექტებს მათ მიმდებარე 60 კმ.მ-დე დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსების უფლება მიეცათ. ამ უფლების მიხედვით, შენობა უნდა იყოს მსუბუქი კონკტრუქციის, მობილური სისტემის და არ უნდა გააჩნდეს მიწისქვეშა საწყობები, ხოლო ერთი კვადრატული მეტრის ფასი განისაზღვრა 5 ლარის ოდენობით.
საზკვების ობიექტებისთვის ამ უფლების მინიჭებას საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენელი, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი შეეწინააღმდეგა. ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, კვების ობიექტებისთვის ამ უფლების მინიჭება დაუშვებელია.
"მიუღებელია ასე ხელაღებით ყველა საზოგადოებრივი კვების ობიექტისთვის ამ უფლების მინიჭება. არ შეიძლება ქალაქის ცენტრსაც და გარეუბანსაც ერთმნიშვნელოვნად მივუდგეთ და მეორე, 5 ლარის ოდენობა რა ფორმით განისაზღვრა, როცა 1 კმ.მ-ის ფასი გაცილებით უფრო მეტი ღირს," - განაცხადა საკრებულოს უმცირესობის წევრმა, ბესიკ ბრეგაძემ.
ქუთაისის მერის განმარტებით, საუბარია ქალაქში ღია კაფეების მოწყობის ნებართვის გაცემაზე, რომელიც არქიტექტრურის სამსახურმა უნდა გასცეს.
"საუბარია, შესაძლებლობა იყოს თუ არა გარე კაფეების მოწყობა. ეს წესი არ მიუთითებს, რომ ვინც მოინდომებს და სადაც მოინდომებს იქ უნებართვოდ გააკეთებს. აქ საუბარია შევუწყოთ თუ არა ხელი ქალაქში გარე კაფეების განვითარებას. ეს ყველა ქალაქში ასეა და რატომ უნდა ჩამორჩებოდეს ქუთაისი. თუ ლონდონში და პარიზში მიღებულია, ქუთაისი რატომაა გამონაკლისი," - განმარტა ქუთაისის მერმა.
დეა მანაგაძე

Print