ახალი ამბები
გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმეზე მსჯავრდებულმა, დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა
FaceBook
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, 2014 წელს, გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.
სხდომას საქმეზე სამი მსჯავრდებულიდან მხოლოდ ერთი, შოთა შანიძე ესწრებოდა.  

მსჯავრდებულმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა გრაფიკული ვიდეომასალის თანხლებით მოითხოვა, რაც მისი თქმით, მის უდანაშაულობას დაადასტურებდა, თუმცა, დაცვის მხარეს არ უთქვამს, კონკრეტულად რა ინფორმაციის შემცველია ფირი.

ვიდეო ფირის სასამართლოს დარბაზში ჩართვას არ დაეთანხმნენ საქმეზე მსჯავრდებული ორი პირის –გიორგი სეხნიაშვილისა და ლევან მოისწრაფიშვილის ადვოკატები. მათი თქმით, ჩანაწერის შესახებ მათთვის ცნობილი არ იყო და არ იციან მისი  შინაარსი რა გავლენას მოახდენს  მათი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესებზე.

შანიძის ადვოკატის შუამდგომლობა, სასამართლოს დარბაზში ვიდეო ფირის ჩვენების შესახებ, მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.

დასკვნით სიტყვაში შანიძემ დეტალურად გაიხსენა 2014 წლის 4 მარტს, გეგუთის ციხის საკანში მომხდარი ჩხუბი,  რომლის შედეგადაც 24 წლის გიგა ფარტენაძე გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მისი თქმით, საკანში დაპირისპირება ფარტენაძესა და ერთ–ერთ პატიმარს, ახლა უკვე საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი სეხნიაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს ციხის ადმინისტრაციამ საკანში ე.წ. მაყურებლები გოჩა აბზიანიძე და ლაშა ჭკადუა შეუშვა,  რომლებმაც ფარტენაძეს  სასიკვდილოდ სცემეს. შანიძის თქმით, პატიმრის ცემაში მონაწილეობდნენ გიორგი სეხნიაშვილი და მესამე მსჯავრდებული, ლევან მოისწრაფიშილი. თავად კი ფარტენაძე არ უცემია.

მსჯავრდებულმა პროცესზე ციხეში არსებულ სისტემურ დანაშაულზეც ისაუბრა. მისი თქმით, გამოძიებამ ხელი დააფარა საქმეში მონაწილე სხვა დამნაშავე პირებს.  არ დასაჯა  არც ციხის ადმინისტრაცია, რომლებმაც ღამის საათებში საკანში, სადაც მკვლელობა მოხდა, ე.წ. მაყურებლები შეუშვა.

აღსანიშნავია, რომ გიგა ფარტენაძის ცემის საქმეზე დაკავებული არ არიან შანიძის მიერ ხსენებული გოჩა აბზიანიძე და ლაშა ჭკადუა. 

შოთა შანიძე ოთხი წელია სასჯელს სამარტოო საკანში იხდის. მისი თქმით, მან ბოლომდე ითანამშრომლა პროკურატურასთან, თუმცა, სანაცვლოდ ზეწოლა და დაშინება მიიღო. შანიძემ პროცესზე მის მიმართ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ისაუბრა. თქვა, რომ მის ოჯახს დაცვა მოუხსნეს და მისი ლიკვიდაციის საფრთხეც არსებობს.

შანიძემ მის მიერ პროცესზე მოყოლილ ფაქტებზე წერილობით პროკურატურასაც აცნობა, თუმცა, მისი ადვოკატის, გიორგი გოგინავას თქმით, ჯერჯერობით უწყებას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.

გიგა ფარტენაძის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი თითქმის ოთხი საათი გაგრძელდა. მორიგ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით მსჯავრდებულ შანიძის ადვოკატი და საქმის პროკურორი, დავით ცირეკიძე წარსდგებიან. მოსამართლეთა კოლეგიამ განაჩენი,  შესაძლოა, მომდევნო სხდომაზე გამოაცხადოს.

24 წლის გიგა ფარტენაძე გეგუთის ცეხეში 2014 წლის 4 მარტს, ცემით მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით,  საკანში მყოფ მსჯავრდებულებს: შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შანიძემ, სეხნიაშვილმა და მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ სასტიკ ძალადობას, კერძოდ, გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და თავს ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შოთა შანიძეს 15, გიორგი სეხნიაშვილს 9 და ლევან მოისწრაფიშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Print