ახალი ამბები
„გასართობად დადის“ – ბაღდათში მერის გახშირებულ მივლინებებს აპროტესტებენ
FaceBook
2019 წლის დადგომიდან მალევე, ბაღდათის მერი, არჩილ გოგსაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან და ტურიზმის განყოფილების უფროსთან ერთად ათდღიან მივლინებაში გაემგზავრა.
ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქის მერი თანმხლებ პირებთან ერთად ესპანეთის ქალაქ მადრიდში, ტურისტულ გამოფენას ესწრება, თუმცა, ოპოზიცია ამბობს, რომ ვიზიტის მიზნობრიობა გამართლებული არ არის, რადგან სინამდვილეში ასეთი მივლინებები მათ დასვენებას და გართობას ემსახურება. ამ ხარჯების დაფარვა კი ბიუჯეტს უწევს.

"ჯერ არ დამდგარა წელი და უკვე მივლინებაში წავიდა. ტურისტულ ბაზრობას ესწრება მადრიდშიო, სინამდვილეში გასართობად დადის. ეს არ ხდება პირველად. გასულ წელსაც ასე იყო. სახელმწიფოს ხარჯზე დადიან და ისვენებენ", – ამბობს ბაღდათის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გია რობაქიძე.

მისი თქმით, მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ბაღდათშიც იშვიათად ჩნდებიან.

"არც ერთი არ ცხოვრობს ბაღდათში. გამგებელი თბილისშია და შეიძლება ისე გავიდეს კვირა, არც ჩამოვიდეს. საკრებულოს თავმჯდომარე ქუთაისში ცხოვრობს და ისიც იშვიათად დადის რაიონში. ყველამ იცის, რომ ბაღდათს მერი არ ჰყავს", – ამბობს გია რობაქიძე.

ოპოზიცია ამბობს, რომ გასულ წელს მერი პოლონეთსა და ესპანეთშიც იმყოფებოდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  10 000 ლარი დახარჯა. 

ბაღდათის მერიაში აცხადებენ, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართული ღონისძიებები ბაღდათის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

"საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე წარმოდგენილია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სტენდი, სადაც გამოფენილია ტურისტული რუკები, ტურისტული მარშუტები, სოფლის მეურნეობის ნაწარმი, ღვინო. გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებს, საშუალება აქვთ საფუძვლიანად გაიცნონ მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსი და დაინტერესდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტით. აღნიშნული ტურისტული გამოფენა საერთაშორისოა და მასში მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანია",–აცხადებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

ამჯერად რა დაუჯდა მადრიდში ვიზიტი ბაღდათის ბიუჯეტს, უცნობია. ქუთაისიპოსტი მუნიციპალიტეტიდან ამ ინფორმაციის მიღებას ამ დრომდე ელოდება.

Print