ახალი ამბები
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს არააქტიური წევრები, შესაძლოა, საბჭოდან გაიწვიონ
FaceBook
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს ის წევრები, რომლებიც სხდომებს არ ესწრებიან, შესაძლოა, საბჭოს შემადგენლობიდან გაიწვიონ.
როგორც დღეს საბჭოს წევრებმა გასული წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადეს, საბჭოს  დატოვების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა  ერთმა წევრმა, ამბერკი დვალიშვილმა, რომელიც ჩატარებული რვა სხდომიდან არც ერთს არ დასწრებია. ოთხი წევრი კი პასიურია, რის გამოც, შესაძლოა, საბჭომ მათი გაწვევის შესახებ რეკომენდაციის შემუშავებაზე იმსჯელოს, რომელსაც შემდეგ მერს წარუდგენენ. საბჭოს შემადგენლბასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ უნდა მიიღოს.

სხდომებზე წევრთა არდასწრებისა და შესაბამისად, ქვორუმის არარსებობის გამო, საბჭომ უკვე შეცვალა გადაწყვეტილების მიღების წესი. კონკრეტულად, საკითხის გადასაწყვეტად ქვორუმი საჭირო აღარ არის და ამისთვის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის თანხმობაც საკმარისია.

მერის მრჩეველთა საბჭო ამის მიუხედავად მუშაობას დადებითად აფასებს. საბჭოს წევრებმა 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას გასულ წელს განხორციელებულ ინიციატივებზე ისაუბრეს.

საბჭომ მუშაობის განმავლობაში მერს სულ 20 რეკომენდაციით მიმართა. მათგან აღმასრულებელმა 13 რეკომენდაცია გაითვალისწინა. ოთხი არ შესრულდა. სამი ინიციატივა კი მერიის კომპეტენციას არ წარმოადგენდა.

საბჭომ ხუთთვიანი მუშაობის შედეგად განიხილა და რეკომენდაციები შეიმუშავა განაშენიანების რეგულირებისა და მწვანე ნარგავების დაცვის წესთან დაკავშირებით. საბჭოს რეკომენდაციით დაიდგა "მშვიდობის ბურთის მონუმენტი" საფეხბურთო კლუბ"ტორპედოს" მიმდებარე ტერიტორიაზე. რამდენიმე ქუჩაზე ტერიტორია ნარჩენებისგან დასუფთავდა, მოწესრიგდა საგზაო ინფრატსრუქტურა.

საბჭომ განიხილა და რეკომენდაცია მიაწოდა ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურს, რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ამოსატვიფრ ციტატებთან დაკავშირებით, რომელთაგან, საბოლოოდ, ერთ–ერთზე, ტერენტი გრანელის ლექსის – "აღასრება ქუთაისს" , ავტორად კოლაუ ნადირაძე მიაწერეს. საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ციტატებიდან რამდენიმე საბჭოს სხდომაზე არ განხილულა.

აღმასრულებელმა არ გაითვალისწინა თეთრი ხიდის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ საბჭოში შესული ინიციატივა.
ასევე, არ შესრულდა შშმ პირებისთვის ადაპტირებული ახალი გაჩერების მოწყობის საკითხი.

საბჭომ  რეკომენდაციით მიმართა ქალაქის მერს პარლამენტის ქუთაისში დატოვების შესახებ განცხადება გაეკეთებინა, რაც ასევე, არ შესრულდა.

საბჭოს წევრები ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მოქალაქეთა არაინფორმირებულობას ასახელებენ, რის გამოც ადგილობრივები მერიას ხშირად ისეთი ინიციატივის დაფინანსებას სთხოვენ, რაც თვითმმათველობის კომეტენცია არ არის. შესაბამისად, საბჭო გეგმავს მოქალაქეებთან ღია შეხვედრების მექანიზმის ამოქმედებას და მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.

საბჭოს ანგარიშის მოსმენას მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print