ახალი ამბები
„წყალტუბოში ოთხი ბაღის ოთხი მენეჯერი უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს“
FaceBook
წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ააიპ ბაგა–ბაღების ოთხი მენეჯერი გაათავისუფლეს.
როგორც ფრაქციის  თავმჯდომარემ, სევერიან გორდულაძემ პრესკლუბ "მედია რუმში" განაცხადა, გამგეების გათავისუფლება არჩევნების შედეგებს უკავშირდება.

"ამ ბაღების გამგეები წინასაარჩევნო პროცესში იყვნენ ჩართული. ყველამ იცით როგორ კატასტროფულად დამარცხდა "ქართული ოცნება" პირველ ტურში და ეს მოხდა მათ დასასჯელად. გადაწყვეტილება ამის შესახებ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ერთპიროვნულად მიიღო. ამის შესახებ საკრებულო ინფორმირებული არ არის, რომლის წინაშეც ვალდებულია აღმასრულებელი. ეს აღარ არის არაპროფესიონალიზმი, ეს არის გათავხედებული ქმედება",–ამბობს სევერიან გორდულაძე.

მისივე თქმით, ბაღების გაერთიანება არ არის მზად სწავლის დასაწყებად და სასწავლო პროცესის განახლებამდე ორი დღით ადრე,  საკვები პროდუქტების შეძენაზე ტენდერიც კი არ აქვს გამოცხადებული.

ბრალდებებს უარყოფენ წყალტუბოს ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში. როგორც მისი ხელმძღვანელი, გიორგი იობიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, ბაღების გამგეების არათუ გათავისუფლება, არამედ, მათი როტაციის წესით გადანაცვლება მოხდა.

"მოხდა ქალაქის საბავშვო ბაღებში როტაცია და ადგილები შევუცვალეთ მენეჯერებს. ისინი ისევ ამ პოზიციებზე აგრძელებენ მუშაობას. ეს არის ჯანსაღი პროცესი, უფრო ეფექტური მენეჯმენტისთვის. არასერიოზულდ აღვიქვამ მე ამ ადამიანს და არც უნდა ვაკეთებდე მასზე კომენტარს",– ამბობს გიორგი იობიძე.

რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტენდერი უკვე ჩატარდა და შვიდი კომპანიაა გამარჯვებული, რომლებიც ააიპს საკვებ პროდუქტებს მიაწვდიან.

"ევროპული საქართველო" მუნიციპალიტეტის მერისა და ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, გიორგი იობიძის ფრაქციის სხდომაზე დაბარებას აპირებს.

Print