ახალი ამბები
"გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია" – ჯანდაცვის მინისტრი
FaceBook
გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

"ბოლო ორ კვირაში გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა ეს არ გვაძლევს საბაბს, ძალისხმევა შევასუსტოთ", -
განაცხადა მინისტრმა.

დავით სერგეენკომ გრიპის მართვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები შეაჯამა. მისი განმარტებით, 400 ერთეულით არის შემცირებული სასწრაფოს გამოძახებებიც.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, 5 იანვრიდან დღემდე სამედიცინო მომსახურება 4000-მდე პაციენტს გაეწია. კვლავ 24/7-ზე რეჟიმში მუშაობს 5 ამბულატორია თბილისში.

ბოლო 3 დღის განმავლობაში ანტივირუსული მედიკამენტი "ტამიფლუ" უფასოდ 1600-მდე პაციენტმა მიიღო. ბენეფიციარები პრეპარატს
სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო საოჯახო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში - ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ ფორმა #100-ის წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ. მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში განაწილების შესახებ ინფორმაცია კი,
სამინისტროს ცხელ ხაზზეა (1505) ხელმისაწვდომი.

სეზონური გრიპის თემაზე გამართულ გაფართოებულ თათბირს 112-ის და თბილისის მერიის, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
Print