ახალი ამბები
„ვერც მე შევაფასებ დადებითად“ – ხარაგაულის მერს, საკრებულოს შემდეგ მაჟორიტარიც აკრიტიკებს
FaceBook
საკრებულოს უმრავლესობის შემდეგ, ხარაგაულის მერს ნიკოლოზ თოფურიძეს,  ბაღდათ–ხარაგაულის მაჟორიტარი აკრიტიკებს.
კობა ლურსმანაშვილი ნიკოლოზ თოფურიძის მიმართ დეპუტატების კრიტიკას ეთანხმება და ამბობს, რომ ის რომ ყოფილიყო ხარაგაულის საკრებულოს წევრი, კიდევ უფრო კრიტიკული იქნებოდა მერის მიმართ.

დეპუტატი,  მერსა და წარმომადგენლობით ორგანოს შორის კოორდინაციისა და გუნდური მუშაობის პრობლემებზე საუბრობს, რაც,  მისი თქმით,  რაიონში განსახორცილებელი პროექტების შეუსრულებლობის მიზეზი გახდა.

კობა ლურსმანაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებელი ქალაქის მერია და მიზეზების ძებნა, თუ რატომ ვერ განხორციელდა ესა თუ ის პროექტი, საქმეს ვერ გამოასწორებს.

"ერთია მიზეზები, რატომ ვერ შესრულდა და მეორე არის ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე. პასუხისმგებელი არის მერი და აქედან გამომდინარე, საკრებულოს კრიტიკა იყო აბსოლუტურად ობიექტური. მეც რომ ვყოფილიყავი ხარაგაულის საკრებულოს წევრი, მერის მუშაობას მეც ვერ შევაფასებდი კარგად. ცენტრალური ბიუჯეტიდან არც თუ ისე ცოტა თანხები მიედინება რეგიონებში და თუ ვერ ხდება იმ სიკეთეების შექმნა, რაც უნდა გაკეთდეს ამ თანხით, ძალიან ცუდია.  ეს ვერ დარჩება შეფასების გარეშე. თუ პროცესების  მართვა  მენეჯერულად  სწორად ვერ ხდება,  იმაზე საუბარი რომ მეწარმემ ვერ შეასრულა საქმე კარგად, ვერ გაამართლებს ფაქტებს. ფაქტი კი ისაა, რომ 31 პროექტიდან მხოლოდ შვიდია შესრულებული", – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

მისი თქმით, საკრებულოს პოზიცია სწორი იყო მაშინაც, როცა დეპუტატები  მერს სოციალური თანხების შემცირებისა და მისი სხვა მიმართულებით გადანაწილების გამო აკრიტიკებდა.

ხარაგაულის საკრებულოს უმრავლესობასა და მერს შორის კონფლიქტი ერთ წელზე მეტია გრძელდება. ნიკოლოზ თოფურიძეს თავისივე გუნდი ღიად საკრებულოს ბოლო სხდომაზე დაუპირისპირდა, სადაც მერმა გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა. სხდომაზე საკრებულოს 28 წევრიდან 27–მა მერის მუშაობა უარყოფითად შეაფასა.


ამავე თემაზე:

იმპიჩმენტის განზრახვა აქვთ“ – დაპირისპირება ხარაგაულის მერსა და საკრებულოს უმრავლესობას შორის


Print