ახალი ამბები
იმერეთის საკრებულოებში ფრაქციების უმრავლესობას ინიციატივები არ ჰქონია –TI-ს კვლევა
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" კვლევის მიხედვით, იმერეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, ფრაქციების უმრავლესობას ინიციატივები არ ჰქონია.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 61 ფრაქციიდან 43-ს 2018 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით არცერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია.

კვლევის მიხედვით, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი, 31 ინიციატივა, ქუთაისის საკრებულომ წამოაყენა. 8–8 ინიციატივა დააფიქსირეს ზესტაფონისა და სამტრედიის საკრებულოებში, ორი საჩხერეში, ხოლო ერთი თერჯოლაში. დანარჩენი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით ორგანოებში ფრაქციებს არც ერთი ინიციატივა არ ჰქონიათ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ, ასევე, დათვალა ფრაქციების თანამდებობის პირების ანაზღაურება, საწვავის, სატელეფონო და სამივლინებო ხარჯები.

ყველაზე მეტი თანხა შრომის ანაზღაურებისთვის სამტრედიის საკრებულომ დახარჯა, რამაც 254 921 ლარი შეადგინა, რადგან აქ 8 ფრაქციაა შექმნილი. ქუთაისის საკრებულოში ფრაქციების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების შრომის ანაზღაურებისთვის 159 371 ლარი დახარჯა. ქუთაისის საკრებულოში ხუთი ფრაქციაა. ჯამში, იმერეთის მასშტაბით ამ მიზნით 1 660 218 ლარია დახარჯული.

კვლევის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში, საწვავი იმერეთის მხოლოდ ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოების ფრაქციებმა მოიხმარეს. ყველაზე მეტი რაოდენობით საწვავი – 21 ათასი ლიტრი, თერჯოლის საკრებულოს ფრაქციებმა გამოიყენს, ქუთაისში კი ამ მიზნით 14 ათასი ლიტრი საწვავი შეიძინეს.

სატელეფნო მომსახურებაზე ყველაზე მეტი თანხა 3 520 ლარი ქუთაისის საკრებულოს ფარქციებმა დახარჯეს. იმერეთის მასშტაბით ამ მიზნით 17 ლარზე მეტია დახარჯული.

რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, კვლევაში ჭიათურა ლიდერობს. ჭიათურის საკრებულოს ფრაქციებმა მივლინებებისთვის 16 ათას ლარზე მეტი დახარჯეს. ქუთაისში ამ მიზნით 7 409 ლარია დახარჯული.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიიჩნევს, რომ საკრებულოში ფრაქციების მაქსიმალური რაოდენობაა შექმნილი, რაც ბიუჯეტისთვის ტვირთს წარმოადგენს. 2017 წლის დეკემბრიდან ახალი თანამდებობის - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შემოღებამ კი ეს ხარჯები კიდევ უფრო გაზარდა.

Print