ახალი ამბები
"ამ ეტაპზე არ განიხილება" – ნიკა ლატარია პოსტიდან შესაძლო წასვლაზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკა ლატარია  პოსტის შესაძლო  დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას  არ ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ ურჩევნია ისევ ბიზნესში დაბრუნდეს და სამომავლოდ ასეც აპირებს.
"ჩემი საყვარელი  საქმე რაც არის, მირჩევნია იმას ვაკეთებდე. ბიზნესიდან მოვედი და იქეთ მიმიწევს გული. ასეც ვფიქრობ სამომავლოდ, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერი არ განიხლება. მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს", – ამბობს ნიკა ლატარია ქუთაისიპოსტთან საუბარში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ლატარია თანამდებობას იანვრის ბოლოს დატოვებს. მის ადგილს კი მისი მოადგილე, რამაზ ჩხიკვაძე დაიკავებს. თავად ჩხიკვაძის პოსტზე კი საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ელეონორა არჩაია განიხილება.

საკრებულოს თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნას ჭორს უწოდებს რამაზ ჩხიკვაძე.

"ეს არის ჭორი. ნიკა ლატარია სჭირდება ქალაქს. მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი და უნდა მივცეთ მას ამ სიკეთის კეთების საშუალება. რაც შეეხება ჩემს თავმჯდომარეობას, ეს საკითხი არც განიხილება",– აცხადებს რამაზ ჩხიკვაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ნიკა ლატარია საკრებულოს ორი მოწვევის  დეპუტატია.  ის საკრებულოს თავმჯდომარედ მეექვსე მოწვევის  საკრებულოში აირჩიეს. ნიკა ლატარია ბოლო დროს სხდომებზე  აქტიურობით არ გამოირჩევა. ის   გასული წლის 26 დეკემბრის სხდომას, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, არ დასწრებია.




Print