ახალი ამბები
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ბინების უკანონო გასხვისებაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს უკანონო საქმიანობის ჩადენაში ადანაშაულებენ.

ორგანიზაციის "მონიტორინგის ცენტრი - მედიატორი" წარმომადგენლების განცხადებით, ზვიად ჯავახია, რომელიც ადრე კერძო აღმასრულებლად მუშაობდა, პარალელურად დაკავებული იყო იპოთეკით დატვირთული ქონების უკანონო ყიდვა-გაყიდვაში. ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2013 წლის 13 ივნისს ჯავახიამ აუქციონზე შეიძნა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა (საჯარო რეესტრის ამონაწერი #332013262919), რომელიც 1 კვირაში გაასხვისა. ((საჯარო რეესტრის ამონაწერი #882013275087).
"ზვიად ჯავახია, რომელიც დაინტერესებული იყო მის წარმოებაში არსებული საქმეებიდან მოგების მიღებით, ბინის გასხვისების დროს იხდიდა თუ არა საშემოსავლო გადასახადს, თუ ბიუჯეტის გვერდის ავლით ახდენდა ყიდვა-გაყიდვას," - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მათივე თქმით, ზვიად ჯავახიას  უკანონო საქმიანობის მამხილებელი არაერთი ფაქტი აქვთ, რომელთა შესახებაც აპირებენ პროკურატურას აცნობონ. ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე, ინტერესდებიან, თუ რა კრიტერიუმებით დანიშნა ქუთაისის მერმა ზვიად ჯავახია  დაკავებულ თანამდებობაზე.
"მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის" მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, ქუთაისის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი "ჯამბაზთა ორგანიზაციის ცრუ ბრალდებებს" უწოდებს.
"ყველა ბრალდებას შესაბამისი დოკუმენტაცია სჭირდება. ბრიფინგები მაშინ უნდა გამართო, როცა სრულყოფილი ინფორმაცია გაქვს, მაგრამ სწორედ, სიცრუის ტირაჟირებისთვის შეიქმნა "მედიატორი"," - აცხადებს ზვიად ჯავახია.
დეა მანაგაძე

Print