ახალი ამბები
თეთრ ხიდზე მინის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, თეთრ ხიდზე მინის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობს დეტალების გარკვევა.
მერიის ინფორმაციით, ასევე შემოწმდება, ყველა ახლო მდებარე ობიექტზე განთავსებული კამერის ჩანაწერები, რათა მოხდეს დაზუსტება რა გარემოებაში მოხდა ხიდზე მინის დაზიანება.

"მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგ გვექნება ინფორმაცია თუ რა მოხდა,- სპეციალურად არის ჩატეხილი თუ არა. დაველოდოთ გამოძიებას და გავიგოთ, რეალურად, რამ გამოიწვია დაზიანება. ჩვენ ვესაუბრეთ შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს, მანაც იგივე აღნიშნა, რომ თუ სპეციალურად არ დაზიანდა, ისე დაზიანება გამორიცხულია. თუ გამოვლინდა, რომ არ არის დაზიანებული სპეციალურად, მაშინ ხიდის შემსრულებელთან, რომელთანაც შეწყვეტილი გვაქვს ხელშეკრულება, სასამართლოში არსებულ დავას კიდევ დაემატება ერთი პრობლემური ნაწილი. ხიდზე მხოლოდ დამცავი ფენაა დაზიანებული, მაგრამ ჩვენ უსაფრთხოების მიზნით ხიდის ნაწილი გადავკეტეთ", - განაცხადა ადგილზე დაზიანებული მინის დათვალიერების შემდეგ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ერთ-ერთ მინის ფილას ბზარები გაუჩნდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდზე გადაადგილება საფრთხისშემცველია და მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ადგილზე მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები, რომლებმაც დაზიანებული ხიდის ფილაზე სტიკერი წარწერით "ფრთხილად სახიფათოა" გააკრეს.

ქალაქის  მერმა წლის შემაჯამებელ ანგარიშში განაცხადა, რომ თეთრ ხიდზე ხარვეზების გამოსასწორებლად ტენდერი გამოცხადდება.

"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 ივნისს დაიწყო და 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ხუთვიანი ლოდინის შემდეგ ხიდი 3 ნოემბერს გაიხსნა.

ქუთაისის მერიამ კომპანია "ალმა რუსს", რომელმაც თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, ხელშეკრულება გაუწყვიტა.




Print