ახალი ამბები
ზესტაფონის მერის წინააღმდეგ, ფარული აუდიოჩანაწერი პროკურატურაში შეიტანეს
FaceBook
ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი გოგლიჩიძე ფარულ  აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც მისი თქმით, მოქმედი მერისა და ყოფილი თანამშროლების საუბარი ისმის. გიორგი გოგლიჩიძემ ჩანაწერი უკვე წარადგინა პროკურატურაში.
აუდიო ფაილში, სავარაუდოდ, ზესტაფონის მერი კახა მახათაძე იმ ადამიანებს ესაუბრება, რომლებიც მისი პოსტზე არჩევის შემდეგ ზესტაფონის მერიიდან გაათავისუფლა.

საუბრის მონაწილეები მას სახელით მიმართავენ.

ჩანაწერში, სავრაუდოდ, ქალაქის მერი ამბობს, რომ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება თავად არ მიუღია და მუნიციპალიტეტიდან 30–მდე თანამშრომელი საკრებულოს დეპუტატების რჩევით გაუშვა.

"თქვენ არ გეგონოთ, რომ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ხალხი გამეშვა სამსახურიდან და ეს იყო ჩემი მოსაზრება. მე დავუძახე ყველა დეპუტატს და ვუთხარი – ვინაიდან მე არ ვიცნობ არც გამგებლებს და არც სპეციალისტებს, ამიტომ გაძლევთ უფლებას, რომ თქვენ ვინც გინდათ დატოვეთ სამსხურში და ვინც გინდათ გაუშვით. მე არ ვიცნობ არავის, მე გიცნობთ თქვენ და მე მოგთხოვთ თქვენ პასუხსთქვა ვუთხრი", –ისმის ჩანაწერში.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ,  ზესტაფონის მერი, ყოფილ თანამშრომლებს შტატების დამატებას და მუნიციპალიტეტში დაბრუნებას ჰპირდება.

"მომავალი წლის ბიუჯეტში შევიტან ცვლილებას და დავამატებ შტატებს, მე არ მაქვს ამის პრობლემა. ალბათ, თებერვლისთვის იქნება ეს დამატებული შტატი და მიგიღებთ სამსახურში, მაგრამ ამის შემდეგ მე თუ გაგიშვებთ სამსახურიდან, უკვე გაგიშვებთ საქმიანობიდან გამომდინარე", – ამბობს, სავარუდოდ, კახა მახათაძე.

ჩანაწერში,  ასევე, ისმის რამდენიმე ადამიანის ხმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ზესტაფონის მერს ყოფილი თანამშრომლების მოტყუებაში ადანაშაულებენ.

"ეუბნებით და ატყუებთ აქ ხალხს, რომ დააბრუნებთ სამსახურში. სინამდვილეში, თქვენ იბრძვით სკამისთვის. ერთ კვირიან ვადას გაძლევთ და თქვენი სკამიანად გაგიშვებთ აქედან", – ისმის ჩანაწერში.

ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ზესტაფონის მერიიდან 30–ზე მეტი თანამშრომელი ახალი მერის მოსვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ყოფილმა თანამშრომლებმა მერის წინააღმდეგ რამდენჯერმე გამართეს საპროტეტსო აქცია და მისი გადადგომა მოითხოვეს. მათი თქმით, კახა მახათაძის მიმართ რამდენიმე სისიხლის სამართლის საქმეა აღძრული და ასეთი მერი ქალაქს არ უნდა ჰყავდეს.


Print