ახალი ამბები
„საბინაო სამსახური უნდა გაუქმდეს“ – „ნაციონალური მოძრაობა“
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ვალერი კლდიაშვილი საბინაო სამსახურს უფუნქციოს უწოდებს და მის გაუქმებას ითხოვს.
მისი თქმით, მიმდინარე წელს სამსახურმა დაკისრებული ფუნქციები ვერ შეასრულა, რაც განსაკუთრებით უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე. ვალერი კლდიაშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, თუ სამსახური განყოფილებად გადაკეთდება.

"არის პროექტები, რომლებიც ვერ შესრულდა და მიზეზსაც ვერ ვიგებთ რატომ. მაგალითად, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის უნდა გადაეხურათ სახლი და ვერ გადახურეს. რატომ ვერ მოხდა ეს, ამაზე პასუხი არ არსებობს. საბინაო სამსახურზე არის დიდწილად დამოკიდებული მერიის მუშაობა, რასაც ეს სამსახური ვერ ახერხებს. ამიტომ, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება თუ განყოფილებად გადაკეთდება", – ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი.

საბინაო სამსახურის გაუქმებას არ ეთანხმება საკრებულოში "ევროპული საქართველოს" წევრი, მერაბ მეშველიანი. მისი თქმით, ეს გაზრდის ბიუროკრატიას, რაც საბოლოოდ მოსახლეობაზე აისახება უარყოფითად.

"საბინაო სამსახურს აქვს უმნიშველოვანესი ფუნქცია, ეს არის იმ პრობლემების მოგვარება, რაც მრავალსათულიან კორპუსებში არსებობს. თუ ის ვერ აგვარებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, უნდა განვიხილოთ არა სამსახურის გაუქმების, არამედ, მენეჯერის საკითხი, თუ რამდენად სწორად მართავს იგი ამ სამსახურს. ვფიქრობ, განყოფილებად გადაკეთება გაზრდის ბიუროკრატიას, გართულდება საქმისწარმეობა და კიდევ უფრო გაწყდება კონტაქტი მოსახლეობასთან",–ამბობს მერაბ მეშველიანი.

მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, საბინაო სამსახურის შესაძლო გაუქმებაზე ინფორმაცია ქუთაისიპოსტმა გაავრცელა.

რეორგანიზაციის ფარგლებში ცვლილებები, ასევე, იგეგმება აუდიტის განყოფილებაში.

Print