ახალი ამბები
განხილვის გარეშე მოწონებული ბიუჯეტი და ფორმალური სხდომები კომისიებში
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ, მერიის მიერ კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის განხილვა, მის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე დაიწყო.
25 დეკემბერს პროექტის განხილვა ხუთიდან ოთხ კომისიაში მოეწყო. სოციალურ საკითხთა კომისიას კი სხდომა არც კი ჩაუტარებია. კომისიის თავმჯდომარე, მამუკა რიჟამაძე ამბობს, რომ მერიასთან შენიშვნები მხოლოდ მუხლობრივ ნაწილში ჰქონდათ, რის გამოც, სხდომის ჩატარება საჭიროდ აღარ ჩათვალეს.

იმ კომისიების სხდომებზე კი, სადაც ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტისთვის ნდობა უნდა გამოეცხადებიათ, შეკითხვები თითქმის არ დასმულა.

საკრებულოს კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლორთქიფანიძემ, ბიუჯეტის პროექტზე თანხმობის მიცემის საკითხი დოკუმენტის განხილვის გარეშე დააყენა კენჭისყრაზე.

გადაწყვეტილება კომისიამ მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც ბიუჯეტის პროგრამული განხილვის გარეშე მოწონება ოპოზიციამ გააპროტესტა.
ბიუჯეტის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე, დოკუმენტი ერთხმად მოიწონა ეკონომკის, საფინანსო და იურიდიულმა კომისიებმა. კომისიის წევრები სხდომაზე არ დაინტერესებულან რა ცვლილებები შეიტანა აღმასრულებელმა ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ოთარ ლორთქიფანიძის თქმით, დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტი დარიგებული ჰქონდათ და ისინი ეთანხმებიან წარმოდგენილ პრიორიტეტებს. დოკუმენტში კი შესწორებების შეტანა მისი დამტკიცების შემდეგაც შეიძლება.

"როცა იანვარში იქნება ბიუჯეტში დაზუსტებები, ვგეგმავთ, რომ შევხვდეთ ახალგაზრდებს, ექსპერტებს, სტუდეტთა საინიციატივო ჯგუფებს და უფრო კონკრეტული მიმართულებით გავიაროთ ეს საკითხები", – ამბობს ოთარ ლორთქიფანიძე.

უმრავლესობისგან განსხვავებით, მთვარ ფინანსურ დოკუმენტთან შენიშვნები აქვს ოპოზიციას. საკრებულოში "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ ბიუჯეტი მოუმზადებელი და ნაჩქარევად შედგენილია. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები.

შესაბამისად, 26 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიცია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტისთვის მხარის დაჭერას არ აპირებს.

ქუთაისის მერიამ საკრებულოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთი თვის წინ გადაუგზავნა. წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელს პროექტი დაუბრუნა, თუმცა, უმრავლესობას ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან შენიშვნები არც მაშინ ჰქონდა.

Print