ახალი ამბები
როგორ გამოვიცნოთ გრიპის სიმპტომები
FaceBook
გრიპის მზარდ დინამიკასთან ერთად, გრიპის სიმპტომების დაფიქსირებისთანავე, მოსახლეობას ექიმთან დაუყონებლივ კონსულტაციისკენ მოუწოდებენ.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, იწყება თუ არა გრიპი მაღალი ტემპერატურით, აუცილებელია მშობლებმა ბავშვისთვის გამოიძახონ თავისი უბნის ექიმი, ოჯახის ექიმი და ჩაატარონ კონსულტაცია და იმოქმედონ ექიმის დანიშნულებით," – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.

მათივე ცნობით, დღეს ფართოდ ცირკულირებს გრიპის ვირუსის H1N1 შტამი, რომელიც უფრო აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე შარშანდელი H3 შტამი.

გრიპს შემდეგი სიმპტომებით გამოიცნობთ:

მაღალი ტემპერატურა.

თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილი.

სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი.

სისხლიანი ნახველი, ლეთარგია (მოთენთილობა, უმოქმედობა).


გრიპის გართულებებია:

პნევმონია (ფილტვების ანთება).

დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (გონების დაკარგვა ან
დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების მკვეთრი სისუსტე ან დამბლა).

ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია);

თანმხლები დაავადებების გართულება (მაგ:გულის შეგუბებითი
უკმარისობა, ასთმა და დიაბეტი);

ბავშვებში ყურის ინფექციები, სინუსიტები.

ჩვილ ბავშვებს გრიპის დროს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი.


გრიპის სიმპტომების გამოვლენა ჩვეულებრივ იწყება ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 1-4 დღის შემდგომ, საშუალოდ 2 დღის განმავლობაში.

უმეტესწილად გრიპის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5-7 დღის (ზოგჯერ – მეტიც) განმავლობაში.
Print